„ყველაზე დიდი განძი ადამიანი და ადამიანური ურთიერთობებია.
წუთისოფელში გვხვდება ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ საკუთარი გამოცდილებით დაგროვებულ ცოდნას და უხვად გვიზიარებენ. ეს იშვიათი კატეგორიაა, რომელსაც მასწავლებელი ჰქვია. მე წილად მხვდა ბედნიერება მესწავლა ამ კაცისგან ბევრი რამ, ვსწავლობ და მომავალშიც ასე იქნება.
არასოდეს მისაუბრია ირაკლის ადამიანური თვისებების შესახებ საჯაროდ. ესენია ღირსება, ერთგულება, ვაჟკაცობა, თავდადება და სხვისი გასაჭირის საკუთრად აღქმა. არაერთი შემთხვევის მომსწრე ვარ თუ როგორ დახმარებია სრულიად ჩუმად ადამიანებს და ამის შესახებ არავის გაუგია და ვერც ვერასოდეს გაიგებს. სიკეთეს რომ მალვა უნდა ამ ადამიანის ცხოვრებისეული დევიზია.
საქართველოსთვის რამდენი რამ გაუკეთებია ამაზე მე არ ვისაუბრებ, ისტორია იტყვის თავის სათქმელს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ იმავე კანდიდატის სტატუსი, რაც თანამედროვე საქართველოს უდიდესი ისტორიული მონაპოვარია, მისი უდიდესი ძალისხმევის შედეგია.
ყველა კარგი საქმის უპრეცედენტოდ ძლიერი მხარდაჭერა ირაკლის ხელწერაა. პირდაპირ და შეულამაზებლად ვიტყვი, რომ ყველა დიდი საქმე, რაც იუსტიციის სამინისტროში დავიწყეთ, დავასრულეთ და გრძელდება იმ გამხნევების და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით 24 საათის განმავლობაში ირაკლის ჩართულობის და გვერდში დგომის შედეგია.
ყველაზე მთავარი, რაც ირაკლის ახასიათებს ეს სიყვარულის უნარია. სწორედ სიყვარულით ნაკეთები საქმე ისხამს ნაყოფს, რაც ასე მრავლად არის ირაკლის მოღვაწეობაში.
გუნდის შეკვრა, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება და ისეთი მოტივაცია, რომელსაც უშრეტი ენერგიის წარმოქმნა შეუძლია, ირაკლის ლიდერული უნარებია.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული მეგობარი მყავს.
მადლობა ყველაფრისთვის ჩემო ირაკლი!“ – წერს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ფეისბუქში“.