GUARDIANGE – ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან გაერთიანება უკვე შეუძლებელია და უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა ის „მთავარ მტრად“ დასახელდეს. კიმმა ასევე თქვა, რომ სამი ორგანიზაცია, რომლებიც გაერთიანებასთან დაკავშირებით მუშაობდნენ, დაიხურება. ამის შესახებ სახელმწიფო მედია KCNA იტყობინება.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „მრავალჯერ უფრო მკაცრად“ უპასუხებს ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერ პროვოკაციას.
ორი კორეა კორეის ომის დასრულების შემდეგ, 1953 წელს გაიყო. მათ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერიათ და, შესაბამისად, დღემდე ტექნიკურად ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში რჩებიან.
უმაღლეს სახალხო ასამბლეაში – ჩრდილოეთ კორეის პარლამენტში – სიტყვით გამოსვლისას კიმმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს, რათა ჩრდილოეთ კორეელები გაანათლონ, რომ სამხრეთ კორეა არის „პირველადი მტერი და უცვლელი მთავარი მტერი“.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ კორეის ნახევარკუნძულზე ომი დაიწყება, ქვეყნის კონსტიტუციაში უნდა აისახოს სამხრეთის „ოკუპაციის“, „დაპყრობის“ და მის ტერიტორიაზე „შეერთების“ საკითხი.
კიმმა, რომელმაც 2011 წელს მამამისი, კიმ ჩენ ირი შეცვალა, თქვა: „ჩრდილოეთ კორეას ომის სურვილი არ აქვს, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს იმის განზრახვა, რომ ეს ომი თავიდან ავიცილოთ“. მან დასძინა, რომ „ახალ პოზიციას“ იკავებს ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთობების მიმართ, რაც მოიცავს ყველა იმ ორგანიზაციის დაშლას, რომელთა მიზანიც გაერთიანებისთვის მუშაობა იყო.
სამშაბათს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა პროვოკაციას განახორციელებს, სამხრეთ კორეა „მრავალჯერ უფრო ძლიერად უპასუხებს“, რითაც ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის სამხედროების „ფართო საპასუხო შესაძლებლობებს“.