ფოტო: თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასიც 10%-ით მოიმატებს, თუმცა, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან, მათი ანაზღაურება კი ძალიან დაბალია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი ხელფასი 15%-ით გაიზარდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე, თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„საბავშვო ბაღები ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ მიგვეხედა არსებული ინფრასტრუქტურისთვის, მოგვეწესრიგებინა, ახალი აგვეშენებინა. როდესაც საუბარია ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, აქ ყოველთვის მიმართული იქნება განსაკუთრებული ძალისხმევა და ყურადღება, რათა ჩვენს პატარებს ნორმალურ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 2017 წლიდან დღემდე თბილისში 23 ახალი ბაღი აშენდა, რეაბილიტაცია კი მძიმე მდგომარეობაში არსებულ 11 ბაღს ჩაუტარდა. რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და მუშაობას განვაგრძობთ. ხედავთ, თუ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეშურდება ასეთი ინფრასტრუქტურის ბაღები. ეს სტანდარტი მაქსიმალურად შენარჩუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.