საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 78.9 პროცენტია, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 867.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
„აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 599.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, საკურსო ცვლილებების გამო კი 293.3 მლნ. აშშ დოლარით. ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 7.0 და 18.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი (28.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.2 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.2 მლრდ აშშ დოლარი (22.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 873.0 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 440.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.1 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.9 მლრდ აშშ დოლარი (18.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.5 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისმა ვალმა – 2.9 მლრდ აშშ დოლარი (7.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 9.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 88.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 39.2 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.5 მლრდ აშშ დოლარია (14.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 18.4 პროცენტია.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 31.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 873.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 457.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.