საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია.
„მე ახლა მინდა უფრო ფართოდ მიმოვიხილო ჩვენი 11 წლიანი მმართველობის კონკრეტული შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ კარგად და მე არ მინდა დეტალები გავიხსენო, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ, მაშინ, გახსოვთ კარგად, რომ არ იყო დაწყებული, რაიმე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა, ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა, მეგობრებო, საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია და დღეს, 11 წლის თავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო. ამ ორი სიტყვით ძალიან მოკლედ მინდა შევაფასო, კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, ის მმართველობა და ის შედეგი, ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“.
რაც შეეხება სხვა შედეგებს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მანამდე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენელი იყო 2012 წლამდე ვინმეს რომ ეფიქრა ამ შედეგზე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგვირგვინება, ამ დიდი სამუშაოს დაგვირგვინება, დიდი ძალისხმევის დაგვირგვინება სწორედ იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. ეს, რა თქმა უნდა, თავისით არ მოხდა, არ მოხდებოდა, კიდევ ვიმეორებ, ეს იყო, ბუნებრივია, დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ 2012 წელს, ის დემოკრატიული გარდატეხა და ის დიდი წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად, ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ და რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.