GUARDIANGE – დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გახდება დიქტატორი, თუ კვლავ აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად, გარდა „პირველი დღისა“ – „დემოკრატებისა“ და ზოგიერთი „რესპუბლიკელის“ გაფრთხილების შემდეგ, რომ ამერიკას ავტოკრატია ემუქრება, თუ დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.
„რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, ყოფილ პრეზიდენტს (2017-2021 წწ), დონალდ ტრამპს ტელევიზიით გადაცემული ღონისძიების დროს, აიოვაში, ორჯერ სთხოვეს უარყოფა იმისა, რომ ის პოლიტიკური ოპონენტების შურისძიების მიზნით ძალაუფლებას ბოროტად არ გამოიყენებდა იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ პრეზიდენტი გახდებოდა.
„არა. არა. გარდა პირველი დღისა“, – თქვა ტრამპმა, როდესაც მას სთხოვეს უარყოფა, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „დიქტატორი“ გახდებოდა, ხოლო „პირველი დღის“ დაკონკრეტებისას განმარტა, რომ ის თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებას მექსიკასთან სამხრეთ საზღვრის დაკეტვისა და ნავთობის მოპოვების გაფართოებისთვის გამოიყენებდა.
ტრამპი, რომლის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდოდ „დემოკრატ“ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან იქნება დაპირისპირებული, ხშირად ჰპირდება „ანგარიშსწორებას“ პოლიტიკურ ოპონენტებს, თუ ის კვლავ მოიპოვებს ძალაუფლებას.
ბაიდენმა, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოხატა, არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეა და მისი მეორე ვადით მმართველობისას შესაძლოა, ამერიკული ავტოკრატიის უპრეცედენტო და სახიფათო ეპოქა დაიწყოს.