GUARDIANGE – უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დასავლელი მოკავშირეებისგან მუდმივი მხარდაჭერა, რადგან რუსეთის, აგრესორი ერის გამარჯვებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და მისი გამარჯვება ნატოს ინტერესებშია.
მან აღნიშნა, რომ თუკი რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ომს მოიგებს, ეს საფრთხეს შეუქმნის ალიანსს. უკრაინის პარტნიორები კიევს უნდა დაეხმარონ არა მხოლოდ „კარგ დროს“, რადგან ომი დინამიური პროცესია და მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ „ცუდი ამბებისთვის“, თქვა მან.
„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას როგორც კარგ, ასევე ცუდ დროს. ამჟამინდელი ომი არის გამოფიტვის ომი, ბრძოლა ეფექტურობისთვის, ბრძოლა ლოჯისტიკისთვის“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგმა ნოემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე რთული მდგომარეობაა და ალიანსმა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაზარდონ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.
ნატო-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის მრავალეროვნული კორპუსის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი იურგენ-იოახიმ ფონ სანდრარტი კი, ფიქრობს, რომ უკრაინაში დაპყრობითი ომის მიუხედავად, რუსეთმა დაიწყო საბრძოლო შესაძლებლობების განახლება, რაც ბალტიის რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ამჟამად, რუსეთი მნიშვნელოვნად არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში, მაგრამ მან უკვე დაიწყო და გააგრძელებს თავისი შესაძლებლობების აღდგენას უკრაინის ომისგან დამოუკიდებლად და ეს ზრდის საფრთხეს ბალტიის ზღვის რეგიონში“, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა გენერალმა, როგორც ამას „ევროპული პრავდა“ იტყობინება.
ამ მხრივ, ის დაეთანხმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს წინააღმდეგ რესურსების მობილიზებას ახორციელებს და რუსეთის თავდასხმა ბალტიის სახელმწიფოებასა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებზე მხოლოდ დროის საკითხია. ლანდსბერგისი ასევე შეშფოთებულია, რომ თუ დასავლელ მოკავშირეებს არ ექნებათ პოლიტიკური ნება, დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში, რუსეთი მიიღებს ამას გამარჯვებად და დაიწყებს მზადებას ახალი ომისთვის და მისი ნებისმიერი მეზობელი შეიძლება გახდეს აგრესიის მსხვერპლი.
„მაგრამ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რა დასკვნებს გამოვიტანთ ამისგან. ვფიქრობ, რომ დასკვნები, რომლებიც ტრანსფორმირდა შესყიდვებთან და ლიეტუვის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ქმედებებში, ძალიან ბრძნულია და მიუთითებს სწორ მიმართულებაზე“, – განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორია ირწმუნო, რომ რუსეთისგან თავდაცვა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენით არის შესაძლებელი. „ეს არის კვლავ სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, კიბერ და რბილი შესაძლებლობების კომბინირებული ძალები […], რომელიც განსაზღვრავს ბრძოლის ველს“, – დასძინა მან.
ამასთან, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს კიევს და დაეხმარება რუსეთს.
„მჯერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გასაუმჯობესებლად. ეს, უბრალოდ, გარდაუვალი რეალობაა. უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს. ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და ყველა წევრმა, დემოკრატმა თუ რესპუბლიკელმა, ხმა უნდა მისცეს დახმარების პაკეტს“, – განაცხადა სალივანმა.