საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა. ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას თბილავიამშენის მიერ გარემონტებული სუ-25-ის, მი-24-ის ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები იღებდნენ. საავიაციო წვრთნაში მონაწილე ჯგუფების მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონის განადგურება წარმოადგენდა.
საავიაციო სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოდერნიზაცია უკვე ჩაუტარდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვან ნაწილს და აღნიშნული პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, 5 ერთეული მი-24. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატებისა და 2 ერთეული მი-8 მტვ რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან.
ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.