საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საველე სწავლებებსა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.
სწავლების დასკვნით ეტაპზე, საველე სიტუაციური წვრთნა რეალურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ჩატარდა. ბატალიონის დონის საბრძოლო სროლები დღისა და ღამის პირობებში ვაზიანის სასროლეთზე განხორციელდა. ბატალიონმა, მხარდამჭერი კოლექტიური დავალებების შესაბამისად, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები შეასრულა. საბრძოლო მომზადების ცენტრში შემავალი მოწინააღმდეგე ძალების გამთამაშებელი (OPFOR) ასეული მათ რეალურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებს უქმნიდა.
წვრთნა საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა დადებითად შეაფასეს. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.