Saturday, November 23, 2024
8.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანას შესაძლოა კოალიციური მთავრობა მართავდეს.

მისი შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც  მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რეალობას მოწყვეტილები არიან.

„გაუგებარია რა კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი. ამ ადამიანების განცხადებები, რომლებიც დღეს რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რეალობას მოწყვეტილები არიან, ვერ გრძნობენ, რა ხდება ქვეყანაში და ხალხს რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ.  „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვებს და კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის დათქმა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, რა თქმა უნდა, შესრულდება.

„რა თქმა უნდა, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნები ასეთ გარემოში ტარდებოდა და ამაზე შესაბამისი დასკვნებიც მეტყველებს. 2024 წლის არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“  საარჩევნო ბარიერის დაწევას, კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება.

„არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ  მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე?  ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.

„მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. რადგან მას პრინციპულად სიტყვა ნათქვამი აქვს. მგონია, რომ ის თავის ნათქვამს არ გადააბიჯებს და გააკეთებს იმას, რაც განაცხადა თვეების წინ და რასაც ამბობდა ყოველთვის. მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება გამზიარებელი იმ უბედურებების, რომელთა მთავარი შემოქმედი გახლდათ სააკაშვილი, რაც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა იკადრა და აკადრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები