სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ცნობით, კვირას, კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამების ტაძარში ჩატარდება საგანგებო ლიტურგია, სადაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომე აღავლენს მსახურებას.

„ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც მოიცვა თითქმის ყოველი ქრისტიანი. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი სულ მალე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდება კვირას, როდესაც აღევლინება საგანგებო ლიტურგია. კვირა დღე არის დიდი მარხვის მეოთხე კვირიაკე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე სინელის ხსენებას და სწორედ ეს იქნება ის დღე, როდესაც მოხდება მისი უწმინდესობის დაკრძალვა ლიტურგიის შემდგომ.

ახლა გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, თქვენ ალბათ დაინახეთ, რომ ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო და ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე – ასევე, ის თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი. ყველაფერი არის უკვე ძალიან წესრიგში მოყვანილი“, თქვა დეკანოზმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები