საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით, ელჩის, ალი მოჯანის განცხადებას აქვეყნებს.
„წუხელ, ათასობით მორწმუნე ქართველთან ერთად, ფეხით მივედი თბილისის თავზე წამომართულ სამების ტაძარში, რათა გამოვთხოვებოდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, — ამ ქვეყნის უდიდეს სულიერ ლიდერს, რომელმაც სამშაბათს სული უფალს მიაბარა.
იქაურობა ერთდროულად აღსავსე იყო მწუხარებით, რწმენითა და სიმშვიდით; თითქოს განშორების ამ ცერემონიალში ერთდროულად გამოხატულიყო საქართველოს ისტორია, იდენტობა და სულიერება. რთულია, გადმოიცეს იმ ხალხის გრძნობები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ მსვლელობაში. ხალხს თვალები ცრემლით ჰქონდა დანამული, მათი სახეები კი გლოვას გამოხატავდა, როგორც იმ შვილებისა, რომელთაც მამა დაკარგეს.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განურჩევლად ყველა ქართველისთვის მხოლოდ რელიგიური ლიდერი არ ყოფილა; იგი წარმოადგენდა ქარიზმატულ და უაღრესად გავლენიან პიროვნებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ. რთულ წლებში, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების პერიოდში, მან შეძლო სულიერების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ღვთისმოშიშ საზოგადოებაში მორალური საფუძვლების განმტკიცება.
ეკლესიის სულიერი ატმოსფერო და ზეციური ჰიმნების გალობა, რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა, თითოეული ადამიანის სულსა და სხეულზე გავლენას ახდენდა, თითქოს სული დროისა და სივრცის საზღვრებიდან თავისუფლდებოდა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, რომ ღრმა მწუხარებამ, რომელიც შერწყმულიყო აღდგომის იმედთან, ჩემი მთელი სხეული მოიცვა, ხოლო თვალებზე ცრემლი ამიკიაფდა, რომლის დამალვაც აღარ შემეძლო.
მე მივყვებოდი მის მსუბუქ, თუმცა ნათელ ცხედარს. რამდენიმე ნაბიჯის განმავლობაში, პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა.
ილია მეორე იყო უნიკალური და გამორჩეული პიროვნება თავის ეპოქის მრავალი რელიგიური ლიდერისგან განსხვავებით. ხან, როგორც სასულიერო პირი, რომელიც პოლიტიკურ მორალზე იყო ორიენტირებული, ხალხის გულისთვის, მიმართავდა პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს; ხანაც მონასტრის მდუმარებაში, ლოცვად დგებოდა და უფალთან შვებას პოულობდა.
წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო.
საკუთარი მამობრივი როლით, ის არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი იყო, არამედ წარმოადგენდა სულიერ თავშესაფარს თავისი ხალხისთვის; ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ნათლობის საშუალებით ათასობით თანამემამულის სულსა და რწმენას ღრმად დაუკავშირდა და ნამდვილად გახდა მათი სულიერი მამა.
ეს განშორება მხოლოდ ნეშტის გაცილება არ ყოფილა; ეს გახლდათ საქართველოს ცოცხალი ისტორიისა და სულის ნაწილის გაცილება, სულისა, რომელიც წმინდა სამების ეკლესიიდან ამაღლდა, რათა კვლავ შეეწიოს საქართველოს ცასა და მიწა-წყალს. ამინ“ – აცხადებს ირანის ელჩი.

