ალექსანდრე ლუკაშენკო: ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას, მან განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

18 მარტს გაგზავნილ წერილში სახელმწიფოს მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბელარუსმა ამ გამოჩენილი ქართველი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ღრმა მწუხარების გრძნობით მიიღო.

„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა.

„მისი უწმინდესობის, ილია II-ის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ საქართველოს. „ნათელი ხსოვნა ამ გამორჩეულ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიაში“, – ნათქვამია ლუკაშენკოს სამძიმრის წერილში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები