საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემისას საგარანტიო თანხის დაწესებაზე, აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები.

„ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა – ბიზნეს და ტურისტული ვიზის მისაღებად მსურველებს 15 000 დოლარამდე დაბრუნებადი დეპოზიტის წარდგენა მოუწევთ.

აშშ-ის სავიზო გირაოს პროგრამა მოიცავდა 38 ქვეყანას, ახლა მათი რიცხვი კი, 50-მდე გაიზარდა. პროგრამაში დამატებულ ქვეყნებს შორის საქართველოსთან ერთად არიან: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელი და ტუნისი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები