აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ბატონ ირაკლი კობახიძეს
პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობა ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.
მისმა უწმინდესობა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების გზაზე გაწეული ღვაწლისთვის, მისმა უწმინდესობა ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
მის უწმინდესობა ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებაში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ ტკივილს, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – აღნიშნულია ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში.

