გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, მეფე აცხადებს, რომ კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს

გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ მამაკაცი ნორფოლკიდან, საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების გამო. ჩხრეკა მიმდინარეობს ბერკშირისა და ნორფოლკის მისამართებზე. მამაკაცი ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება. ეროვნული რეკომენდაციების თანახმად, დაკავებული მამაკაცის ვინაობას არ დავასახელებთ. გთხოვთ, ასევე გახსოვდეთ, რომ ეს საქმე ამჟამად აქტიურია, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნებისმიერი პუბლიკაციის მიმართ, რათა სასამართლოს უპატივცემულობა თავიდან აიცილოთ“, – ნათქვამია თემზის ველის პოლიციის განცხადებაში. პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ დაკავებული პირი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორია.

„ჩვენ გვესმის ამ საქმეში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამის დროს მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, – აცხადებენ პოლიციაში.

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავების შემდეგ განცხადება გაავრცელა მისმა ძმამ, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზმა, რომელიც მიიჩნევს, რომ კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.

„ღრმა შეშფოთებით შევიტყვე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის შესახებ სიახლეები და ეჭვი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. ამას მოჰყვება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც ეს საკითხი შესაბამისი წესით და შესაბამისი ორგანოების მიერ იქნება გამოძიებული.

როგორც ადრეც ვთქვი, ამაში ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ. ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს. რადგან ეს პროცესი გრძელდება, ჩემი მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნებოდა. ამასობაში, მე და ჩემი ოჯახი ჩვენი მოვალეობის შესრულებას და თქვენდამი მსახურებას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა მეფე ჩარლზმა.

როგორც BBC  იტყობინება, უელსის პრინცი უილიამი და პრინცესა ქეთრინი მხარს უჭერენ მეფის განცხადებას.

BBC-ის ცნობითვე, არც მეფე ჩარლზი და არც ბუკინგემის სასახლე წინასწარ არ იყო ინფორმირებული, რომ ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დღეს უნდა დაეპატიმრებინათ.

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი აწ გარდაცვლილი ამერიკელი მილიარდერის, სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ ჯეფრი ეფშტეინთან მეგობრობის გამო წლების განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. ეფშტეინთან ურთიერთობა მას სამეფო ოჯახში თავისი როლისა და ტიტულის, ასევე სახლის დაკარგვის ფასად დაუჯდა, თუმცა ენდრიუ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას ყოველთვის უარყოფდა. ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ბოლო ფაილების შესახებ მას კომენტარი არ გაუკეთებია.

9 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმამ, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა 2010 წელს ბრიტანეთის ოფიციალური სავაჭრო დოკუმენტები ჯეფრი ეფშტეინს გაუზიარა. როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილების ბოლო პარტია მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ენდრიუმ ეფშტეინს გადაუგზავნა ანგარიშები ვიეტნამის, სინგაპურისა და სხვა ადგილების შესახებ. საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც ყოფილ პრინცს საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების დროს მიაწოდეს. კონფიდენციალურობის წესების თანახმად, ასეთ შემთხვევებში მესამე პირებთან კონფიდენციალური ან კომერციული დოკუმენტების გაზიარება აკრძალულია.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები