ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე საათი იმყოფებოდა, სუს-ის შენობა დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა ასევე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმაც.

ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოიკითხა.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ იცით, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადია, ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და შესაბამისად, ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. იყო კითხვები, ამ კუთხით ჩვენი აქტიური მონაწილეობა რამდენად შეიძლება, მომარაგების მხრივ ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ, მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები ჩვენ გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო და ეს საკითხებიც განვიხილეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები