პაატა ბურჭულაძემ სასამართლოს მიმართა: თქვენ გჯერათ, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ? თუ კი ასეა, მაშინ სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ

თქვენ გჯერათ, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ? თუ კი ასეა, მაშინ სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, – ასე მიმართა ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის საქმის სხდომაზე სასამართლოს.

„პირველ რიგში, პროტესტს ვაცხადებ. გამოდის, რომ აქ უდანაშაულოები ვზივართ და დამნაშავეები გარეთ არიან. ჩვენ ძალიან ამაყად ვზივართ აქ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრევული დაბადების დღე მქონდა შარშან, როდესაც ოპერის სცენა არ დამითმო „ქართულმა ოცნებამ“ და ასობით ადამიანის მილოცვა მივიღე რუსთაველზე. წელს კი ვიღებ მოლოცვას სასამართლოში. ესეც ასევე დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში.

როგორც წესი, ამ დღეს ბევრი მოლოცვაა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, არა მარტო საქართველოდან. დღეს კი ამ დიდ პატივცემულ პროკურორებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან საუბარი არ შემეძლოს. სიბოროტეს სიკეთით უნდა უპასუხო, ამიტომ პროკურორებო – ვაჟა და თამარ, მინდა, საჩუქარი გაგიკეთოთ და მადლობა გადაგიხადოთ. მე შემიძლია, ევროკომისიას მივწერო წერილი, რომ არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები დასასანქცირებელთა სიაში, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ჩვენ გვაქვს მაგალითი, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებსაც კი, გამორჩეულად ცუდ პერსონებს ჰყავთ ძალიან კარგი შვილები.

მე ვარ სახელოვნებო სფეროს ერთადერთი წარმომადგენელი რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთ პოლიტიკოსთან ერთად და ყველაზე მძიმე მუხლებს მე მედავებიან. თქვენ გჯერათ, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენ? თუ კი ასეა, მაშინ სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, შემდეგ დაბადების დღეს აუცილებლად ისევ რუსთაველზე შევხვდებით“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის საქმის სხდომაზე, როგორც ამას „ფორმულა“ იტყობინება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები