დაკავებულია სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ბაქოში ერთ-ერთ საელჩოსთან ტერაქტს გეგმავდნენ

აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ განშტოების სამი წევრი, აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ბაქოში უცხო ქვეყნის ერთ-ერთ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულები „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის განშტოების, „ისლამური სახელმწიფო ხორასანის“ (ISIS-K) წევრები იყვნენ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების დროს გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები – 2000 წელს დაბადებული გულიევ ილგარ ილჰამ ოღლუ, მეტსახელად „აბუ ზარ ალ-მუჰაჯირი“, 2005 წელს დაბადებული პირიევ ამინ ელშად ოღლუ, მეტსახელად „აბდურაშიდი“ და 2005 წელს დაბადებული ალიზადე ელვინ სანან ოღლუ, მეტსახელად „აბდურაჰმან ალ-აზერი“, რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე, ბაქოში უცხო სახელმწიფოს საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის ჩასატარებლად ემზადებოდნენ.

„ეს პირები, რომლებიც დანაშაულებრივ ურთიერთობაში იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაციის, „ვილაიეთ ხორასანის“ წევრებთან და რომლებიც, როგორც ჯგუფი, წინასწარ შეთქმულებას აწყობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უცხო სახელმწიფოს საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საელჩოს ადგილმდებარეობისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არასახელებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის საელჩოზე იგეგმებოდა თავდასხმა. გამოძიება „ტერორიზმის მომზადების“ მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები