„სკოლაში რკინის ნერვები უნდა გქონდეს, აუცილებელია იყო სამართლიანი, ყველაზე დიდი ჯილდო კი, შენი მოსწავლეების წარმატებაა“ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე

GUARDIANGE – სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ეთერ ნადირაძე, რომელიც გოგაშენის საჯარო სკოლაში უკვე 26 წელი საქმიანობს, მათ შორის დირექტორის თანამდებობაზე 16 წელი, თავის ყველაზე დიდ ჯილდოდ სკოლის აღზრდილი მოსწავლეების წარმატებას და მათ კარგ მამულიშვილობას მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ სკოლის დირექტორის პოსტიდან წასვლას ფიქრობდა, ბოლოს აზრი შეიცვალა და 2024 წელს, როგორც სერტიფიცირებულმა დირექტორმა, 6 წლის ვადით მიიღო სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერა და საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის მანდატი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე

იგი სკოლის ხელმძღვანელობის პარალელურად ორგან, გოგაშენისა და აფნიის საჯარო სკოლებში მათემატიკასა და ფიზიკას ასწავლის და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და ოჯახური ტვირთის მიუხედავად, მუდამ სიცოცხლით სავსე, ენერგიული და სკოლის საჭიროებების გადაწყვეტაზე ორიენტირებული რჩება.

მაშინ როცა უახლოესი თვეების წინ სოფელში ონლაინ შეკვეთით გამოძახებისას „მიმწოდებელი“ პროდუქტის მიტანაზე უარს ცუდი გზის გამო ამბობდა, ეს სურათი სასიკეთოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულში აფნია-გოგაშენის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგო და გადაადგილება კომფორტული გახდა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის დამაკავშირებელი გზა

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს, აფნია-გოგაშენის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტი დაიგო, საგზაო ნიშნები განთავსდა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სკოლასთნ ე.წ. მწოლიარე პოლიციელები დამონტაჟდა, რათა სკოლის მიმდებარე არეალში მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოება. ბუნებრივია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირება გაადვილა. რა თქმა უნდა, ამის გამო მთელი სოფელი მადლიერია, რადგან კომფორტული გახდა გადაადგილება. არადა, ჯერ კიდევ თვეების წინ აქ ონლაინ შეკვეთებსაც ვერ ვიღებდით, რადგან უგზოობის გამო არავის უნდოდა აქ ამოსვლა“, –  განუცხადა GUARDIANGE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა, ეთერ ნადირაძემ, თუმცა ისიც დაამატა, რომ მათთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ რჩება ტრანსპორტი და რომ არა ზოგიერთი მშობლისა ან მასწავლებლის დახმარება, ძალზე გაუჭირდებოდათ  განაპირას მდებარე სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრთან დაკავშირება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლა

დირექტორს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის  შესახებ გაცხადებული გეგმა გოგაშენის საჯარო სკოლასაც დროულად შეეხება და ახლო მომავალში, 1971 წელს აშენებული სკოლა კაპიტალურად გარემონტდება.

„განათლების სამინისტროს წარმომადგენელი დამიკავშირდა სკოლის ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით. მეც ზუსტად აღვუწერე არსებული მდგომარეობა, მერიასაც მივაწოდეთ წერილი, რომ ამ პირობებში ჩვენი სკოლა ავტორიზაციას ვერ გაივლის და ვნახოთ, რა რეაგირება იქნება. შესაძლოა, წლის ბოლოს დაიძრას საკითხი, ზუსტად არ ვიცი. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს გაცხადებული აქვს გეგმა საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის შესახებ და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სკოლაც მალე ჩაერთვება ამ პროცესში. პირველ რიგში, შესასწავლია სკოლის შენობის მდგრადობა, რისი ფინანსური საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს, იმედია, სამინისტრო დაგვეხმარება. მუნიციპალიტეტის როლიც გაიზარდა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და ვფიქრობ, პროცესებში სკოლის ხელმძღვანელობის აქტიური ჩართულობა დიდწილად განაპირობებს საკითხის დროულად გადაწყვეტას. ჩვენი მხრიდან ამ პროცესს ყურადღებას არ მოვაკლებთ და რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ. დღემდე, რაც შეგვეძლო, ჩვენი სახსრებით, ეტაპობრივად, ვაკეთებდით რემონტს, ვაუმჯობესებდით ინფრასტრუქტურას, მაგრამ ავტორიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა ეთერ ნადირაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები

იგი მის მიერ სკოლის განვითარების დაწყებული პროცესის მიტოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის ისტორიული ქართული სოფლის თანამედროვე სკოლის არსებობა, გაცილებით მეტ სტიმულს აძლევს იმისათვის, რომ ბოლომდე იყოს ჩართული სკოლის კაპიტალური რეაბილიტაციის საშვილიშვილო საკითხის გადაჭრაში.

„მახსოვს, წლების წინ მართლაც ვფიქრობდი უარის თქმას სკოლის დირექტორობაზე, მაგრამ როცა გადავხედე ჩემს განვლილ გზას, როცა იაზრებ, რომ ამდენი რაღაც გაქვს გაკეთებული, გენანება ამის ასე, შუა გზაზე მიტოვება. ახლა, როცა სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე მიდის საუბარი, მინდა რომ ამ პროცესში ვიყო ჩართული. ალბათ, ყველა ადამიანში არის რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, როცა ფიქრობ, რომ მაქსიმალურად არ ხარ დახარჯული იმ საქმეში, რასაც ემსახურები. ერთი რამეცაა, როცა მე დავიწყე დირექტორად მუშობა, ძალიან გამიჭირდა და იმ ახალბედასთვისაც, ვისაც შეიძლება ჩავენაცვლებინე, ჩვენი კოლექტივის წევრი იქნებოდა თუ გარედან მოსული პიროვნება, მისთვისაც ხომ არ იქნებოდა მარტივი ასეთ რთულ რეგიონში სკოლის მართვა. ყველაზე მეტად მაინც ტექნიკური საკითხები იჩენს თავს, მაგალითად, გათბობის სისტემა მუდმივად წესრიგში უნდა იყოს, იმდენ დროს ითხოვს ეს, იმ პირობებში, როცა ადგილზე ყველაფრის დეფიციტია, რომ მხოლოდ სკოლის მართვა რა მოსატანია. რაღაცნაირად შევეჩვიე ამას.

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ოჯახი გვერდით მიდგას. სხვა რომ ყოფილიყო, მასაც ხომ გაუჭირდებოდა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, გვერდში ხომ უნდა დავდგომოდი, ამეხსნა, რა გზებით ვახერხებდი ამ ყველაფრისთვის თავის გართმევას. ამიტომაც ისევ ჩემს თავზე ავიღე ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა და არ ვთქვი უარი ამ თანამდებობაზე. რადგან დირექტორის სერტიფიკატს ვფლობდი, 2024 წელს სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერით, კიდევ 6 წლით ამირჩიეს დირექტორის პოსტზე“, – უთხრა GUARDIANGE-ის ეთერ ნადირაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე მოსწავლეებთან

დირექტორი, ერთი მხრივ, გახარებულია იმის მოლოდინით, რომ გოგაშენის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, მაგრამ მეორე მხრივ, წუხს იმის გამო, რომ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა მცირდება.

მისი შეფასებით, ამის ძირითადი მიზეზი მიგრაცია და ასევე, მეზობელი სოფლის, აფნიის სკოლაში მოსწავლეთა გადასვლაა.

„2000 წელს, როცა პირველად დავიწყე გოგაშენში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა, სკოლაში 76 მოსწავლე ირიცხებოდა, ამის შემდეგ მოსწავლეთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო და დღეს უკვე, 36-მდე ჩამოვიდა, რასაც ძირითიდად მიგრაცია უწყობს ხელს. ახალგარდები, ვინც ოჯახებს ქმნიან, აქ ცხოვრებას ქალაქად წასვლას ამჯობინებენ, რისი მიზეზიც ისაა, რომ აქ სამსახური, სკოლის და ბაღის გარდა, პრაქტიკულად არ არსებობს და საგანმანათლებლო სფეროშიც რამდენი უნდა დასაქმდეს? სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მიმართულებით არის მუშაობის საშუალება, საკმაოდ დიდი ფართობის ნაყოფიერი მიწები აქვს სოფელს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობენ ამაზე ახალგაზრდები.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე (ხელმარჯვნივ) და სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე (ხელმარცხნივ)

გოგაშენში მოსწავლეთა კლების მეორე ფაქტორი, მეზობელ სოფელ აფნიაში, 2023 წელს სკოლის დირექტორის შეცვლამ განაპირობა. მოსახლეობაში დიდი იმედი და ნდობა გაჩნდა ახალი დირექტორის მიმართ და ის მოსწავლეები, რომლებიც მანამდე აფნიიდან ჩვენს სკოლაში დადიოდნენ – არა მხოლოდ მაღალი კლასების, მე-10 და ზემოთ, არამედ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებიც კი – ყველა, ვინც საბაზო საფეხურზე სწავლობდა, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და იქ დაიწყო სწავლა, მხოლოდ 1-2 ოჯახი დარჩა, რომელთა ბავშვებიც დადიან ჩვენთან, დანარჩენებმა აფნიაში გადაიყვანეს შვილები. ეს კარგი პროცესია. არ მიმაჩნდა სწორად, რომ აფნიაში სკოლა დაკეტილიყო და გოგაშენში კონტინგენტი ამ სკოლის დახურვის ხარჯზე ყოფილიყო მეტი. ამიტომ, ჩვენც ხელი შევუწყვეთ ყველანაირად ამ პროცესს – მოსწავლეთა მეზობელ სოფელში გადაყვანას; რომ იქ სკოლას არსებობა არ შეეწყვიტა. ამ მხრივ დადებითი მომენტია ისიც, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლებსაც, მათ შორის მეც, აფნიის სკოლაში, მეორე ცვლაში გვიწევს გარკვეული საათების ჩატარება, რადგან, მოგეხსენებათ, რომ რთულია აქ სხვა რეგიონიდან მოვიდეს მასწავლებელი და მცირე საათებზე იმუშაოს. აქედან გამოდინარე, ჩვენს პედაგოგებზე გადანაწილდა საათები. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ორ ცვლაში მუშაობა, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე, მაგრამ ასეთია რეალობა. ამჟამად გოგაშენის სკოლაში 36 მოსწავლეა, რადგან 8 მოსწავლე აფნიაში გადავიდა“, – აღნიშნა ეთერ ნადირაძემ.

იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს აფნია-ვარძიის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის აღდგენას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია გამოაცოცხლებს გოგაშენის, აფნიისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვა მიმდებარე სოფლებს.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელების – აფნიისა და გოგაშენის ვარძიასთან დამაკავშირებელი გზა

„ვარძია-გოგაშენის გზის, დაახლოებით 8 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა კარგი იქნებოდა იმ მხრივაც, რომ ასპინძასთან, ახალციხესთან და სხვა მუნიციპალიტეტებთან გაცილებით მოკლე გზით მოვახერხებდით დაკავშირებას. ეს ასევე ტურიზმის განვითარებისთვისაც მეტისმეტად ხელისშემწყობი იქნებოდა, ტურისტებს არ დაეზარებოდათ აქ ამოსვლა, ჩვენი სოფლიდან ისეთი საოცარი ხედებია ვარძიის, მართლა ღირს აქ ამოსვლა და გადახედვა, დათვალიერება, ტურისრების მოსვლა კი, ძალზე წაადგებოდა ჩვენს სოფლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამ გზის აღდგენას არ უჩანს პირი, ზოგიერთი ადგილობრივი მაინც ცდილობს მცირე ზომის საოჯახო სასტუმროების მოწყობას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაღებული ვარძია

ასევე, აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ გოგაშენსა და აფნიას ესაზღვრება წიწვოვანი ტყის დიდი მასივი, სადაც ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოა და ძალზე სასურველი ადგილია ნებისმიერი დამსვენებლისთვის. მართალია, თავის დროზე ხელოვნურადაა გაშენებული ეს ტყე, მაგრამ უკვე მცენარეების ბუნებრივი დამტვერიანების გზით გამრავლების პროცესიც დაწყებულია და სულ უფრო მეტი და მეტი ახალი ფიჭვი იზრდება. სხვათაშორის, სკოლის ეზოშიც დავრგეთ 100 ფიჭვის ხე, სპეციალური ნერგსაშენიდან მოვიტანეთ, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ვერ გაიხარა“, – უთხრა GUARDIANGE-ის ეთერ ნადირაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე მოსწავლეებთან ერთად

დირექტორი ზოგადი განათლების რეფორმის ზოგიერთ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 11-წლიანი სწავლებაზე გადასვლა მისთვის მისაღებია იმ პირობებში, როცა მე-12 კლასის არჩევის საშუალება იარსებებს.

„11-წლიანი სწავლება მისაღებია. ვისაც მე-12 კლასის დამთავრების სურვილი ექნება, მარტში რეგისტრაციას გაივლის და მიეცემა ეს საშუალება, ხოლო ვისაც არ ენდომება მე-12 კლასში სწავლის გაგრძელება, მე-11 კლასს დაამთავრებს. ჩვენთან მშობლები ნორმალურად მოეკიდნენ ამას. აღსანიშნავია, რომ მე-11 კლასი პროფილური გახდება და მშობლებს არ დაეხარჯებათ რეპეტიტორებისათვის თანხები. ჩვენს სკოლაში მაინც ისეთი პრაქტიკაა, რომ თითქმის აქვე ვამზადებთ ბავშვებს და მხოლოდ რამდენიმე თვე თუ მიჰყავთ დამატებით რეპეტიტორთან და ახლა ესეც კი არ იქნება საჭირო. საერთოდ, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, უმეტესწილად მაღალ დონეზე მიმდინარეობს სწავლება, რადგან პედაგოგს გაცილებით მეტი დრო აქვს მოსწავლეებთან. უნდა ითქვას, რომ ჩვენი სკოლიდან საკმაოდ მომზადებული ბავშვები მიდიან და თავიანთი ცოდნით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს“, – აცხადებს ეთერ ნადირაძე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები

იგი დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებასაც ემხრობა და ამბობს, რომ ფორმაში მოსწავლეები უფრო კარგად ადაპტირდებიან სასკოლო გარემოსთან.

„როცა ბავშვი სკოლის ფორმას იცვამს, რაღაც სხვა პასუხისმგებლობა აქვს უკვე, უფრო კარგად აღიქვამს თავს მოსწავლედ. ჩვენთან სკოლაში ის პრობლემა კი არ გვაქვს, რომ ბავშვებს გამოწვევად ეცვათ, მაგრამ მაინც. ეს სკოლის ფორმა ბავშვის ფსიქიკას გარკვეულწილად სხვა მიმართულებას აძლევს და მეტად  ავალდებულებს თავისი მოვალეობის შესრულებას. ასევე, ძალიან კარგია სახელმძღვანელოების ცვლილება და ყველა საჯარო სკოლაში ერთი ტიპის სახელმძღვანელოების შემოტანა. სადღეისოდ, მოსწავლე როცა სკოლას იცვლის, დიდი პრობლემის წინაშე დგება, რადგან აქ სხვა ავტორების წიგნებს იყენებ, სხვაგან შეიძლება სხვა წიგნებით ისწავლებოდეს და თავს იჩენს პრობლემები. ასე რომ, კარგი იქნება, თუკი აღნიშნული მიმართულებითაც გამარტივდება საქმე.

ასევე ითქვა, რომ სკოლების დაფინანსების  ვაუჩერული სისტემა შენარჩუნდება, მაგრამ სხვა მოდელებიც შეიძლება დაინერგოსო და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როცა სკოლას თავად ექნება შესაბამისი ფინანსები, საჭირო საკითხების დროულად და სხვა რგოლების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტა უფრო ეფექტური იქნებოდა. მეტი ფინანსები ყოველთვის მეტ შესაძლებლობას ქმნის სკოლისთვის“, – აღნიშნა ეთერ ნადირაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე, როგორ ესახება სკოლის ეფექტური მართვა, ეთერ ნადირაძე პასუხობს, რომ ამისათვის აუცილებელია დირექტორი იყოს სამართლიანი ყველასთან მიმართებაში, იქნება ის მშობელი, მასწავლებელი თუ მოსწავლე.

„სკოლის ეფექტური მართვა თუ გინდა, და იმისათვის, რომ იყო პატივსაცემი და წარმატებული დირექტორი, ცოტა ოჯახი გვერდზე უნდა გადადო. სკოლის მართვა, სწავლების პროცესი, დიდ დროს მოითხოვს. ოჯახმაც უნდა შეგიწყოს ხელი, სხვაგვარად არ გამოვა არაფერი. პირველი და აუცილებელი რაც არის, დირექტორი უნდა იყოს სამართლიანი ყველასთან მიმართებაში, იქნება ის მშობელი, მასწავლებელი თუ მოსწავლე. სამართლიანობა არის წარმატების უმთავრესი გასაღები, რადგან როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ შენ მას უსამართლოდ არ ექცევი, მერე ისიც იღებს პასუხიმგებლობას თავის თავზე, რომ არ მოიქცეს არასწორად. ასევე უნდა იყო ლოიალური, რადგან პირდაპირ, მკაცრი მიდგომა არ არის საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზა, მით უფრო, როცა საქმე მოზარდებს ეხება. დღევანდელი თაობის ბავშვებიც და სწავლების მეთოდებიც ძალიან განსხვავებული არიან წარსულისგან. მოსწავლეს ხმამაღალი ტონით ვერ დაელაპარაკები, მათ უნდა მიუდგე თანატოლივით, მათთან მეგობრობით უფრო კარგად გამოდის თანამშრომლობა. ჯერ მოსწავლის გადასახედიდან უნდა შეხედო საკითხს და ისე მოსთხოვო მათ. მათთან ურთიერთობისას დიდი დაფიქრებაა საჭირო. უნდა შეგეძლოს მოსწავლის მოსმენა, რკინის ნერვები უნდა გქონდეს, ასე ვამბობ ხოლმე“, – აღნიშნა ეთერ ნადირაძემ და დაამატა, რომ ასევე, პედკოლექტივის თითოეულ წევრთან სამართლიანი მიდგომაა გადამწყვეტი, ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნისა და შენარჩუნებისათვის.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე პედკოლექტივთან ერთად

„2024 წელს, საათების ანაზღაურების მკვეთრად გაზრდის პირობებში, პედკოლექტივის თითოეულ წევრთან სამართლიანი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. როცა პედაგოგს აუხსნი იმ მოცემულ მდგომარეობას, თუ რისი საშუალება აქვს სკოლას, როგორია საათობრივი ბადე და რა საშუალება არსებობს ამა თუ იმ საგანში საათების გადანაწილებისას, დარწმუნებული ვარ, საკითხი კონფლიქტის გარეშე გადაიჭრება. თავიდან შეიძლება იყო რაღაც პრობლემები საათების განაწილებისას, მაგრამ თანდათან ვსწავლობთ, დაკვირვების საფუძველზე, თან პიროვნული თვისებებიც ხომ კარგად ვიცი თითოეული პედაგოგის. მე მათ დიდ პატივს ვცემ და დარწმუნებული ვარ, თავადაც გრძნობენ ამას და ობიექტურად აფასებენ მოცემულ მდგომარეობას“, – განაცხადა ეთერ ნადირაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე გაკვეთილის ჩატარების დროს

GUARDIANGE-ის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა მის ხანგრძლივ პედაგოგიურ და დირექტორის პოსტზე საქმიანობას, რა შეძლო და რა ვერ შეძლო, როგორც დირექტორმა და პედაგოგმა, ეთერ ნადირაძემ უპასუხა, რომ ყველაზე დიდი რამ, რაც მისი და სკოლის პედკოლექტივის მიღწევად მიაჩნია, სამშობლოს მოყვარული, განათლებული და წესიერი მომავალი თაობის აღზრდაა.

„მაქსიმალურად ვიყენებდი ჩემს შესაძლებლობებს სკოლის განვითარებისთვის, მაგრამ ჩვენი მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან, სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაინც არსებობს გარკვეული დაბრკოლებები, თუნდაც კარგი პედაგოგების მოზიდვის მხრივ. გვყოლია ძალიან კარგი პედაგოგები, მოგვიზიდია, ხელი შეგვიწყვია ყველანაირად, მათ შორის კომპეტენციის დადასტურებაშიც და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ მათით და ჩვენი კურსდამთავრებულებით. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავეცით და გავცემთ დღესაც, მაგრამ ბევრი რამ ხომ თავად მოსწავლეებზეცაა დამოკიდებული.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე (ხელმარჯვნივ) და სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი მაია შავაძე (ხელმარცხნივ) მოსწავლეებთან ერთად

„კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით იმით, რომ ძალიან კარგი აღზრდილი შვილები გვყავს, სოფლის ახალგაზრდები წარმატებული არიან სხვადასხვა მიმართულებით, ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო, რაც მთავარია, პირველ რიგში ადამიანები არიან, შეგნებული, ზრდილობიანი, კულტურული ადამიანები, მეტი რა შეიძლება უნდოდეს მასწავლებელს, როცა მისი მოსწავლე არის წარმატებული, ემსახურება თავის სამშობლოს და ოჯახს და რაც მთავრია, სწორ გზას ადგას. ყველას უმაღლესი სასწავლებელი არ დაუმთავრებია, მაგრამ კარგი ადამიანები არიან, ოჯახის შვილები, ჩვენთვის – მასწავლებლებისა და მშობლებისთვის – ეს ყველაზე დიდი ჯილდოა“, – უთხრა GUARDIANGE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორმა, ეთერ ნადირაძემ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ნადირაძე

დაბლა იხილეთ 2023 წლის მაისში და დეკემბერში გადაღებული GUARDIANGE-ის ფოტოები

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის ვარძიასთან დამაკავშირებელი გზა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის ვარძიასთან დამაკავშირებელი გზა

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – აფნიისა და გოგაშენის დამაკავშირებელი გზა 2023 წლის მაისში

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები