სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საკუთარ ავტომობილში იპოვეს გარდაცვლილი.
„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს გამოცდილი, ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. ახლა რაც იკვეთება და ვიცით თანამშრომლებისგან, არის, რომ დილით ადრე მოვიდა სამსახურში. როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან. თავის ავტომანქანაში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი. ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადეს სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.
მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


