ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა ერთ დღეს ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი და ეს დღე არც ისე შორსაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიიღო სომხური მხარისგან მოთხოვნა, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გახსნა დერეფნები სომხეთისთვის.
ილჰამ ალიევის მტკიცებით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი რეგიონი და მისი უშუალო მეზობლებია.
„ძალიან მიხარია, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, გარდა, რა თქმა უნდა, სომხეთისა – კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

