სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც პატრიარქი აღნიშნავს, გამორჩეულია მზექალა შანიძის დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ქართველოლოგიის განვითარებაში და 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, ერთეულ პიროვნებათა ხვედრია.
„აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, ერთეულ პიროვნებათა ხვედრია. იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა შორის. გამორჩეულია მისი დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და, საერთოდ, ქართველოლოგიის განვითარებაში; ამასთან, ქალბატონი მზექალა იყო და რჩება მრავალ თაობათა აღმზრდელად და თავისი სტუდენტების ყველაზე მკაცრ, სამართლიან შემფასებლად. ბუნებრივია, მას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული; გვახარებს, რომ თავისი შესაძლებლობები მან გელათის მეცნიერებათა აკადემიის სივრცეშიც გამოავლინა და არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი შექმნა. ქალბატონ მზექალას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას“, – ნათქვამია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

