წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი: „მივესალმები სკოლებში ფორმების შემოღებას და მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას“

GUARDIANGE 2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში მოსწავლეთა სასკოლო ფორმების შემოღებისა და მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი აფასებს.

ზურნაჩიანი, რომელიც განათლების სფეროში 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაშია ჩართული, მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან სასკოლო ფორმების ტარების ვალდებულებას არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სოციალური მნიშვნელობაც ენიჭება.

GUARDIANGE-ისთან საუბარში დირექტორი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით სოციალური თანასწორობისა და მოზარდებში უფრო მეგობრული გარემოს შექმნის წინაპირობა შეიქმნება.

„არა მხოლოდ ლამაზია ფორმები, არამედ თანასწორობის პრინციპიც დაცულია. რადგან ვიღაცას აქვს საშუალება კარგად ჩაცმული ბავშვი გამოუშვას სკოლაში, ვიღაცას კი არა, რაც მოზარდებში ხშირად უთანასწარობის განცდას იწვევს. ხოლო თუკი ყველას ერთნაიარად აცვია, უკვე ეს აღარ იჩენს თავს. არადა ზოგიერთ ოჯახს 2 ან მეტი სასკოლო ასაკის ბავშვი ჰყავს და ყველასთვის ახალი ტანსაცმლის ყიდვის საშუალება არ აქვს, ეს კი ქმნის უხერხულობის განცდას, რადგან თანატოლების ნაწილი კარგად ჩაცმული, ძვირად ღირებული ტანსაცმლით მოდის სკოლაში, რისი საშუალებაც სხვას არ აქვს და ამიტომ ფორმა საუკეთესო გამოსავალია იმისათვის, რომ არ შეიქმნას უთანასწარო სოციალური გარემო.

გავიხსენოთ, საბჭოთა წყობილების დროს სკოლებში ფორმებით დადიოდნენ ბავშვები, მას სასკოლო ფორმები ერქვა და ძალიან ლამაზიც იყო, განსაკუთრებით გოგონების ფორმები, რომლებიც ლამაზად გამოიყურებოდნენ ამ ტანისამოსში. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის სასკოლო ცხოვრებაში და დღემდე, სკოლაში ყველა ისე იცვამს, როგორც უნდა, არადა სკოლას ძალიან უხდება წესრიგი, ჩაცმის კულტურა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და თვალშისაცემია. შესაძლოა, წარჩინებული მოსწავლეა, მაგრამ ჩაცმის შეუსაბამობით მას გაკვეულწილად პეწი ეკარგება, ხოლო ფორმა, ფორმა ბავშვებს სხვა ელფერს აძლევს.

„მე უკვე 50 წელზეა მეტია, რაც  სკოლაში ვმუშაობ, 1973 წლიდან სკოლის საქმიანობაში ვარ ჩართული, მასწავლებლის, სასწავლო ნაწილის და დირექტორის თანამდებობებზე და 19 წელი ვიმუშავე სკოლაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე და კარგად მახსოვს იმდროინდელი საშუალო სკოლა – ყველას ფორმა ეცვა და მოგვწონდა ეს. მოკლედ, მე მივესალმები სასკოლო ფორმების დაბრუნებას“, – განაცხადა ვაჟა ზურნაჩიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიანი

დირექტორი ასევე არა მხოლოდ  სასწავლო პროცესის განმავლობაში მობილური ტელეფონების აკრძალვას უჭერს მხარს, არამედ საერთოდ სკოლაში მის გამოყენებას, რადგან მიიჩნევს, რომ სოფლების სკოლებში ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს.

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ სასწავლო პროცესის განმავლობაში მობილური ტელეფონების გამოყენების, უფრო მეტიც, ჩვენთან, სოფლებში, მაგალითად საერთოდ არ სჭირდებათ ბავშვებს ტელეფონი, რადგან ყველა მშობელმა იცის მასწავლებლების, დამრიგებლის და ჩემი ტელეფონი და გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ჩვენ დაგვიკავშირდნენ. სკოლაში უსაფრთხო გარემოა შექმნილი, ფუნქციონირებს სამედიცინო ოთახი და მოსწავლეებისთვის სავსებით უსაფრთხო პირობებია შექმნილი. მესმის ქალაქში შესაძლოა, დაჰქონდეს ბავშვს სკოლაში ტელეფონი, რომ მშობელთან კონტაქტი ჰქონდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს.

„მობილური ტელეფონის საგაკვეთილო პროცესზე გამოყენება კონცენტრაციას უკარგავს მოსწავლეს. ხშირად ის დავალების ამოსახსნელადაა გამოყენებული. ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციას და ტექნოლოგიებზე ასეთი მიჯაჭვულობა აზარმაცებს და აქვეითებს გონებას და აზროვნებას. ვთქვათ, გამოიძახებ დაფასთან ბავშვს, ტელეფონიდან მიღებული პასუხით შემოიფარგლება და მეორე დღეს იგივე შეკითხვას უსვამ და არაფერი ახსოვს, ისე გიყურებს, თითქოს სხვა სამყაროდანაა.

გარდა ამ მანკიერებისა, რაც ბავშვების მხრიდან  სასწავლო პროცესის განმავლობაში მობილური ტელეფონების გამოყენებას მოაქვს, თავს იჩენს მეორე საკითხიც, სოციალური უთანასწორობა. აქაც, ფორმების არ იყოს, ზოგიერთ ბავშვს საკმაოდ ძვირად ღირებული ტელეფონი დააქვს სკოლაში, ზოგს კი უბრალო და ეს თანატოლებს შორის შურისა და დამცირების მიზეზი შეიძლება გახდეს. გეუბნებით, რომ სოფლების სკოლებში საერთოდ არ სჭირდებათ მოსწავლეებს ტელეფონი“, – აცხადებს ვაჟა ზურნაჩიანი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები