„ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები” – ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსის“ დამფუძნებელს მოჰამედ ალაბარს შეხვდა, რომელიც საქართველოში უმსხვილეს – 6,6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.
შეხვედრისას განიხილეს პროექტის კონკრეტული ასპექტები.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ახალ სტიმულს მისცემს ქართული ეკონომიკის განვითარებას.
„იგლ ჰილსის” პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოს სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს.
პროექტი მშენებლობის ეტაპზე 24 ათასზე მეტ, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ – 8 ათასზე მეტ სამუშაოადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარებას. პროექტის პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე 11 მილიარდი ლარი იქნება.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.
„იგლ ჰილსის“ დამფუძნებელთან განვიხილეთ ის პროექტი, რომელიც არის უკვე განხორციელების ფაზაში. ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ პროექტის კონკრეტული ასპექტები, –  ამის შესახებ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი.
„ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიაში. ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები