ილჰამ ალიევი: აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების კონტექსტში 2025 წელი შეიძლება ისტორიულ წლადაც ჩაითვალოს

„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, მან ვერ შეძლო სათანადო ურთიერთობების დამყარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან – მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყანასთან. ეს იყო ამერიკაში მოქმედი ანტიაზერბაიჯანული ძალების, სომხური ლობიზმის შედეგი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, შეზღუდვა დღეს აღარ არსებობს.

„აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების კონტექსტში 2025 წელი შეიძლება ისტორიულ წლადაც ჩაითვალოს. საიდუმლო არ არის, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ცნობილი 907-ე მუხლი აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს შავი ღრუბლის მსგავსად გადაეფარა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, მან ვერ შეძლო სათანადო ურთიერთობების დამყარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან – მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყანასთან. ეს იყო ამერიკაში მოქმედი ანტიაზერბაიჯანული ძალების, სომხური ლობიზმის შედეგი.

აზერბაიჯანი არაერთხელ შეეცადა ამის შეცვლას. გარკვეულ ეტაპებზე ჩვენი ურთიერთობები პოზიტიური მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა არსებული შეზღუდვები, განსაკუთრებით სომხეთ-აზერბაიჯანის ომის გაგრძელება, ამერიკის ხელისუფლებაში მყოფ პირებს აზერბაიჯანთან ყოვლისმომცველი ურთიერთობების დამყარების საშუალებას არ აძლევდა.

ეს შეზღუდვა დღეს აღარ არსებობს და, რა თქმა უნდა, ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პირველი, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის ოფიციალური დასრულება, და მეორე – ის ფაქტი, რომ ამერიკაში ხელისუფლებაში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაა.

ეს ადმინისტრაცია მოიცავს ძალიან პრაგმატულ და პროფესიონალ წევრებს, რომლებმაც, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, კარგად იციან, რა არის ამერიკის ეროვნული ინტერესები. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ისეთ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია – ქვეყანასთან, რომელსაც რეგიონში ძლიერი პოტენციალი და გავლენა აქვს. ეს ჩვენთვისაც ასეა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, გასული წელი შეიძლება გარდამტეხ მომენტადაც ჩაითვალოს“, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როგორც ამას „ტაბულა“ იტყობინება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები