„შეთქმულების თეორიებს ყველგან აქვს გასაქანი, მაგრამ საქართველოში ეს იმაზე დიდი დოზით იყო და არის წარმოდგენილი, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ამერიკაშიც არის ხალხი, ზოგი პროფესორის წოდებით, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ადამიანები მთვარეზე გაფრინდნენ. უცნაური მოვლენაა-სრულიად გონიერ ადამიანს რაღაცაზე ეკეტება ტვინი.
ქართული პოლიტიკური კლასიც მძლავრად იყო შეპყრობილი კონსპიროლოგიით. ნელ-ნელა იზრდება ეს კლასი და მცირდება მსგავსი მიდრეკილებები, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს რაციონალურ აზროვნებაში და ქმედებებში არ უშლიდეს ხელს.
ახლა ახალი ბოდვა გაჩნდა, ოღონდ კიდევ კარგი, არაპარტიულ სივრცეში: რუსეთს უნდა ივანიშვილის ჩანაცვლება კობახიძით, რომ იგი უპატიმრებს უახლოეს ერთგულ გარემოცვას და ბოლოს მის შვილებსაც მიადგება.
ლოზუნგი, დავიცვათ ივანიშვილი კობახიძისგან, ნიშნავს ივანიშვილის განთავისუფლებას პასუხისმგებლობისაგან, „ოცნების“ მიერ ჩადენილი დანაშაულობების გადაბრალებას მინისტრებზე და კლანის სხვა წევრებზე. თეზისი, რომ ივანიშვილი ნაგავს თავს იმიტომ უყრიდა და უყრის (ანუ ქურდებს, მკვლელებს და მოძალადეებს), რომ მერე ყველა ერთ დიდ სანაგვეში მოისროლოს (რასაც უკვე აკეთებს დაჭერების სახით), არის ივანიშვილის გამართლების შეფარული მცდელობა.
აშკარაა, რომ კობახიძის გამოყვანა რუსეთის ახალ ფავორიტად და მეფე ლირივით მარტო დარჩენილი საწყალი ივანიშვილის მოსალოდნელ „გასკვანჩვაზე“ ცრემლების ღვრა, ნიშნავს ხალხში ივანიშვილისადმი თანაგრძნობის აღძვრის მცდელობას.
თუ ეს შეთქმულების თეორიის მიმდევრების სპეციფიკური აზროვნების ნაყოფია, ამით მოვლენით ახსნა მეტნაკლებლად ლოგიკურია. თუ ამ იდეის ტირაჟირება შეგნებულად ხდება კობახიძის დემონაზაციის მიზნით, ეს ივანიშვილის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. არის მესამე ვერსიაც: ამ ვირეშმაკა ადამიანებს „ჩორტის“ ჩაგდება უნდათ ივანიშვილსა და კობახიძეს შორის. თურმე წამოეგება ივანიშვილი მათ ანკესზე, კიდევ უფრო გამწვავდება შიდაკლანური ურთიერთობები „ოცნებაში“ და დასუსტებულ რეჟიმს ადვილად მოვერევით. სისულელეა.
თუ რომელია ჩამოთვლილი ამ ვერსიებიდან უფრო რელევანტური, ამის ახსნა თქვენთვის მომინდია. სამივე რომ ერთმანეთზე უარესია, ფაქტია“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

