დონალდ ტრამპი: სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვლადიმერ პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდათ, მათი შთაბეჭდილება იყო, რომ პუტინს სურს ომის დასრულება, შეთანხმების დადება

სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვლადიმერ პუტინთან საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„არ ვიცი, რას აკეთებს კრემლი. შემიძლია, გითხრათ, რომ უიტკოფსა და კუშნერს საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ამას გავარკვევთ. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ეს არის ომი. ეს საშინელი რამ არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტ პუტინთან. ვნახოთ, რა მოხდება. რა გამოვიდა ამ შეხვედრიდან, ვერ გეტყვით, რადგან ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო, როგორც იცით, უკრაინა. ვფიქრობ, მათთან საკმაოდ კარგად გვაქვს საქმე. ისინი, სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან კმაყოფილები არიან, მაგრამ სამწუხარო ის არის, მე პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ომი არასდროს მოხდებოდა. მათ თავიანთი ტერიტორიის 100 პროცენტი ექნებოდათ, არაფერი მოხდებოდა. ეს ძალიან სამწუხარო სიტუაციაა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება სურს.

„პუტინს ომის დასრულება სურს – ეს იყო მათი შთაბეჭდილება. ვფიქრობ, მას სურს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ვფიქრობ, მას სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობა, გულწრფელად რომ ვთქვათ, კვირაში ათასობით ჯარისკაცის დაკარგვის ნაცვლად. მათი შთაბეჭდილება იყო, რომ მას სურდა შეთანხმების დადება“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები