ამერიკის შეერთებული შტატები აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 19 ქვეყნისთვის საიმიგრაციო პროცესს აჩერებს.
აშშ-ის მთავრობა გადაწყვეტილების საბაბად ეროვნულ უსაფრთხოებას ასახელებს. მედიის ინფორმაციით, ეს ხორციელდება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ავღანელი წარმოშობის პირი ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის წევრებს თავს დაესხა.
ახალი რეგულაციით, ამ 19 ქვეყნიდან შესული ყველა განცხადება ყოვლისმომცველ შემოწმებას გაივლის. მთავრობაში არ აკონკრეტებენ, რამდენ ხანს გაგრძელდება პაუზა ან ხომ არ იგეგმება ქვეყნების სიის გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალიდან, ზოგიერთ ქვეყანაზე უკვე მოქმედებდა ნაწილობრივი სამოგზაურო შეზღუდვა. ყველაზე მკაცრი შეზღუდვები გავრცელდება ავღანეთზე, ბირმაზე, ჩადზე, კონგოზე, ეკვატორულ გვინეაზე, ერითრეაზე, ჰაიტიზე, ირანზე, ლიბიაზე, სომალზე, სუდანსა და იემენზე. სიაში ასევე არის ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა-ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა, რომელთა მიმართაც ნაწილობრივი შეზღუდვები მოქმედებდა, ახლა კი მკაცრი შემოწმების გავლის კატეგორიაში მოხვდებიან. შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან შევსებული განაცხადების განხილვა ახლა შეჩერდება და მათი ხელახალი შესწავლა კომპლექსურად მოხდება.

