მაქვს იმედი იმისა, რომ ბრიუსელში არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული იქნება ქართველი ხალხის დასჯისკენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოების უვიზო მიმოსვლის შეჩერების შეშინების საფუძველი არ არსებობს.
„საქართველოსთან მიმართებით სავიზო რეჟიმის წესების ცვლილებებს განიხილავენ, ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, ქართულ საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხით აშინებდე. ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ბრიუსელი ყველა მექანიზმს, ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს, ან ქართული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს გარკვეული სადამსჯელო ინსტრუმენტები. მაქვს იმედი იმისა, რომ ბრიუსელში ასეთი გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის დასჯისკენ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან თქცა, რომ საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ბრიუსელის გადასაწყვეტია, როდის მიეცემა ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ არის მიწვეული საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე.
ბოჭორიშვილის შეფასებით, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან.
„რუკიდან ქვეყანას ვერავინ წაშლის, ამ რუკაზე საქართველო ძალიან ბევრი საუკუნეა, არის და გააგრძელებს ყოფნას. მცდელობაა, მსგავსი შეხვედრები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იქნას გამოყენებული, ამას აგრძელებს ევროკავშირი. კიდევ ერთხელ ადასტურებს კომიკურ სიტუაციას, რაც არის შექმნილი ვითომც და საქართველოს მიერ შეწყვეტილ ევროინტეგრაციის პროცესზე, მაშინ, როდესაც გაფართოების შეხვედრაზე თავად ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს. უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამ შეჩერებული პროცესის უკან. საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ეს არის ბრიუსელის გადასაწყვეტი და ბრიუსელის მხარესაა გადაწყვეტილება, როდის მიეცემა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა ქართველ ხალხს, რომელსაც, როგორც ამბობენ, მხარს უჭერენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

