„გვიყვარს ხოლმე მოვლენის ზედმეტად ფილოსოფიური ახსნა ან საერთოდ შეთქმულების თეორიებში გადავარდნა იმის გასარკვევად, რაც დღესავით ნათელია. თავად ძალიან კარგად ახსნეს, თუ რატომ არ უნდათ, რომ ემიგრაციამ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში: იმიტომ, რომ ისინი „ოცნებას“ ხმას არ აძლევენ.
რა ოფიციალური განმარტება მოვისმინეთ ამ გადწყვეტილების გასამართლებლად? იმიტომ ვაკეთებთ ამას, რომ არჩევნებში უცხოური ჩარევა ხდებაო, ემიგრანტები საინფორმაციო და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიანო, დეზინფორმაციაში იმყოფებიან, ანუ „იმედსა“ და სხვა საინფორმაციო ნაგავს არ უყურებენო, საბოლოო ჯამში არაინფორმირებული არჩევანს აკეთებენო. რადგან გარემოთამაშეების გავლენა დიდია, უნდა ავუკრძალოთ ყველას არჩევნებში მონაწილეობაო. ახსნეს მარტივად, გასაგებად და თავხედურად.
არის თუ არა ემიგრაციის ხმების რაოდენობა იმ ზომის, რომ არჩვევნებზე გავლენა მოახდინოს? კი არის. არჩევნებში მათ მონაწილეობას გარდა წმინდა რაოდენობრივისა, აქვს სხვა ეფექტიც. ემიგრაციის წინასაარჩევნო საგარეო აქტიურობა და მათი განწყობილება გავლენას ახდენს შიდა განწყობილებაზეც. ისინი აქ ასეულ ათასობით ოჯახს ინახავენ და მათი კავშირი ქვეყანასთან იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ფულის გადმორიცხვა. იქაური უკმაყოფილება გავლენას ახდენს აქაურებზე.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში ასეულ ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას. ეს იმას ნიშნავს, რომ იზრდება უცხოეთში ამომრჩეველთა რიცხოვნება.
2020 წლის არჩევნებში
საზღვარგარეთ საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა 66 ათასმა საქართველოს მოქალაქემ. მონაწილეობა მიიღო მხოლოდ 12 ათასმა. ეს საარჩევნო უბნების უკმარისობითაც იყო გამოწვეული. ნაწილობრივ პანდემიამაც იმოქმედა.
2024 წელს რეგისტრირებული იყო 96 ათასი ამომრჩეველი, მონაწილეობდა 34 ათასი კაცი, ანუ სამჯერ მეტი წინა არჩევნებთან შედარებით. „ოცნებამ“ მიიღო 13,5 პროცენტი, ანუ დაახლოებით 4500 ხმა. 30 ათასი ხმა მიიღო ოპოზიციამ. ეს არის დაახლოებით 1,5 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე ათასმა უკვე უბანში მისულმა ადამიანმა ვერ შეძლო ხმის მიცემა რიგებისა გამო.
მომავალ არჩევნებში ემიგრაციის მატებისა და პოლიტიკური აქტიურობის ზრდის გამო წინა არჩევნების შედეგები შეიძლება გაორმაგდეს. ეს, რა თქმა უნდა, საფრთხეს წარმოადგენს „ოცნებისათვის“.
რატომ მიიღეს ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილება? იმიტომ, რომ მათი აზრით, საზღარგარეთ არჩევნების ჩატარების ეფექტი უფრო საშიშია მათთვის, ვიდრე ის ზიანი, რაც ამ გადაწყვეტილებით მათ მიადგებათ.
რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ახლა? ალბათ იმიტომ, რომ არჩევნების წინ მისი მიღება უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. წინ დიდი დროა და ეს საკითხი, მათი აზრით, აქტუალობას დაკარგავს ან არ იქნება ისეთი მწვავე, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
რაში ანაღვლებთ ორიოდე პროცენტი, ალბათ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის სჭირდებათო როცა ვამბობთ, ამით უკვე წინასწარ შევეგუეთ არჩევნების შედეგებს.
როგორი იქნება მომავალი არჩევნები და როდის იქნება, თავად „ოცნებამაც“ არ იცის. მან მხოლოდ ის იცის, თუ როგორი სურს რომ იყოს. როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება საგარეო ფაქტორები, ეს რომ ძალიან ადარდებთ და ყველა სცენარისთვის თადარიგს იჭერენ, ამ გადაწყვეტილებითაც ჩანს.
ემიგრაცია კი ამ შეურაცხყოფას ამ რუსულ რეჟიმს არ შეარჩენს. მილიონ ემიგრანტს აქ ოჯახის მილიონი წევრი ჰყავს“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

