სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.

დაღუპულთა შორის არიან პილოტი გოხან კორკმაზი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ემრე მერკანი, თვითმფრინავის ტექნიკური სერჟანტი ნური ოზკანი, თვითმფრინავის ტექნიკური უფროსი სერჟანტი ილჰან ონგანი, საჰაერო შტაბის უფროსი ილკერ აიკუტი და საჰაერო ძალების ოფიცრები: სერდარ უსლუ, ნიჰატ ილგენი, ჯუნეით კანდემირი, უმიტ ინცე, ბურაკ ოზკანი, ემრა კურანი, ჰამდი არმაგან კაპლანი, აკინ კარაკუსი, რამაზან იაგიზი, ემრე ალთიოკი, ბურაკ იბიგი, ბერკაი კარაჩა, აჰმედ იაშარ კუიუჩუ, ჯემ დოლაპჩი და ემრე საინი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ან ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ყოფილა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო apa იუწყება.
რადიო თავისუფლების ცნობით, სააგენტომ გასულ ღამით დაწერა, რომ ინფორმირებული წყაროსგან ექსკლუზიურად მოპოვებული ცნობებით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ.
თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს, ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც.
სააგენტოს წყაროს თანახმად, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზთა გამოძიება კონცენტრირებულია ორ შესაძლო ვერსიაზე – ხანგრძლივ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა და კორპუსის შესაძლო კოროზია, რომელსაც მაღალი წნევის ზემოქმედებით შესაძლოა, კონსტრუქციის დაშლა მოჰყოლოდა და ტვირთის არასწორად დამაგრება, რასაც ტურბულენტობის, ან მკვეთრი მანევრის დროს შესაძლოა, გამოეწვია ტვირთის გადაადგილება და სერიოზული შიდა დაზიანება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები