ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე: ადამიანურად ძალიან დასანანია რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება

„ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ დასმული შეკითხვის კომენტირებისას გააკეთა და ჟურნალისტებს დამატებითი შეკითხვების საგამოძიებო უწყებებისთვის დასმისკენ მოუწოდა.

„ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები