GUARDIANGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს და მათ დასახმარებლად კონგრესს მილიარდობით დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავს. თანხა არ დასახელებულა, მაგრამ მოელიან, რომ ის 100 მილიარდ დოლარამდე იქნება.
„ჰამასი“ და პუტინი სხვადასხვა საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ: ორივე მათგანს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას ძალაუფლებისა და კონტროლისადმი უკრაინაში, ის არ შემოიფარგლება უკრაინით.“, – განაცხადა ბაიდენმა და დაამატა, რომ ტერორისტებმა და დიქტატორებმა „ფასი უნდა გადაიხადონ“.
მან ასევე დაჟინებით მოუწოდა ისრაელის ხელმძღვანელობას გაითვალისწინონ აშშ-ზე 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ამერიკის მიერ დაშვებული შეცდომები და უარი თქვან „ბრმა შურისძიებაზე“.
ისრაელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა.
აშშ-ის კონგრესის საჯარო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის, კონგრესის კვლევის სამსახურის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა ისრაელს დღემდე 158 მილიარდი დოლარი გამოუყო ორმხრივი დახმარებისა და სამხედრო დაფინანსების მხრივ.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ და აშშ-ის კონგრესმა უკრაინას 75 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია, რაც ჰუმანიტარულ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას მოიცავს. ამის შესახებ გერმანული კვლევითი ინსტიტუტის, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი იტყობინება.
ღაზას სექტორი ისრაელის მიერ კვლავ ბლოკირებული რჩება და მას არც ელექტროენერგია, არც წყალი, არც საკვები და არც საწვავი არ მიეწოდება, თუმცა ბაიდენის ისრაელში ვიზიტის დროს, ეგვიპტის პრეზიდენტთან სატელეფონო კომუნიკაციისას, მიღწეული იქნა შეთანხმება, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ღაზას სექტორში რაფაჰის გადასასვლელის გახსნაზე, სადაც ასობით სატვირთო ავტომანქანა დგას.
„ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე რაფაჰის ტერმინალის გავლით“, – ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერის, აჰმედ ფაჰმის განცხადებაში.
7 ოქტომებერს „ჰამასის“ მიერ წამოწყებული საჰაერო თავდასხმებიდან დღემდე, ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1400-ს შეადგენს, ხოლო ღაზაში 3 700-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ ღაზაში მდებარე საავადმყოფოში 17 ოქტომბერს ღამით მომხდარ ძლიერ აფეთქებას, რომელიც „ჰამასის“ დაჯგუფებამ ისრაელის საჰაერო თავდასხმას დაუკავშირა, ისრაელმა კი განაცხადა, რომ აფეთქება პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ მიერ არასწორად გასროლილმა რაკეტებმა გამოიწვია.