საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
„გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.
ელინა ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, – ამის შესახებ ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.
მისი თქმით, აქციაზე იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა.
„ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.

