ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. თელავივის საერთაშორისო აეროპორტში მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის იორდანიაში არაბ ლიდერებთან დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
თელავივში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ბენგურიონის აეროპორტის გარშემო გადაკეტილია გზები.
ამ წუთებში ბაიდენის და ნეთანიაჰუს ერთობლივი ბრიფინგი მიმდინარეობს.
„თქვენ სამართლიანად გაავლეთ მკაფიო ხაზი ცივილიზაციის ძალებსა და ბარბაროსულ ძალებს შორის“, – უთხრა ნეთანიაჰუმ ბაიდენს. მან აღნიშნა, რომ „ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს ჰამასის დასამარცხებლად“ ისევე, როგორც ეს გააკეთა „ისლამური სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბაიდენის ისრაელში ვიზიტს წინ მძიმე ფონი უძღვის.
სულ მცირე 500 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში მდებარე საავადმყოფოში ძლიერი აფეთქების შედეგად. „ჰამასის“ დაჯგუფება მომხდარს ისრაელის საჰაერო თავდასხმას უკავშირებს, ისრაელი კი აცხადებს, რომ აფეთქება სხვა დაჯგუფების, პალესტინის ისლამური ჯიჰადის მიერ არასწორად გასროლილმა რაკეტებმა გამოიწვია. ორივე მხარე უარყოფს ბრალდებებს.
ღაზაში მდებარე პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ „ალ აჰლის საავადმყოფოში“ ვითარება შეაფასა, როგორც „უპრეცედენტო და ენით აღუწერელი“.
„ექიმები ასრულებენ ოპერაციებს დერეფნებსა და იატაკზე და ზოგიერთ შემთხვევაში, ანესთეზიის გარეშე. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ელოდება ოპერაციას, სამედიცინო ჯგუფები კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ“, – დაწერა სამინისტროს პრესსპიკერმა, დოქტორმა აშრაფ ალ-ყუდრამ Facebook-ზე.
მისი თქმით, დაღუპულთაგან ბევრი ბავშვი და ქალია, ბევრ ადამიანს კი ისეთი დაზიანებები აქვს მიღებული, რომ მათი მკურნალობა „სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებს აღემატება“.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელსა და ღაზას „დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.
პეკინში ფორუმზე გამოსვლისას, სადაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდნენ, მან სიტყვის დასასრულს თქვა, რომ უნდა შეეხოს იმას, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება.
„მოვუწოდებ სასწრაფო ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა შევამციროთ ადამიანური ტანჯვა, რომლის მოწმეებიც ვართ”, – თქვა მან. „ძალიან ბევრი სიცოცხლე და მთელი რეგიონის ბედი დგას სასწორზე“.
ღაზას სექტორის საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, სადაც ასობით დაჭრილი მკურნალობდა, რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.
სამშაბათს, ღამით პალესტინელები დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, ისროდნენ ქვებს და სკანდირებდნენ პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წინააღმდეგ. უსაფრთხოების ძალებმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ყუმბარები გამოიყენეს.
საავადმყოფოს აფეთქებით განრისხებული მომიტინგეები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აშშ-ის საელჩოს წინ შეიკრიბნენ, სადაც მათ დიდი კოცონი დაანთეს. კიდევ ერთი ჯგუფი შეიკრიბა საფრანგეთის საელჩოსთან და, გავრცელებული ინფორმაციით, შენობას ქვებს ესროდნენ. ლიბანის „ჰეზბოლას“ შეიარაღებული დაჯგუფება მუსლიმებსა და არაბებს მოუწოდებს „დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ქუჩებსა და მოედნებზე, რათა გამოხატონ ძლიერი აღშფოთება“.
ასობით ადამიანი ასევე შეიკრიბა ტრიპოლისა და ლიბიის სხვა ქალაქებში, რომლებსაც პალესტინის დროშები ეჭირათ და ღაზის მოსახლეობის მხარდასაჭერად სკანდირებდნენ.
საპროტესტო აქციები გაიმართა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანში, ირანის დედაქალაქში, ასევე, ისრაელის საელჩოებთან თურქეთსა და იორდანიაში.