ალ აჰლის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად დაღუპული პალესტინელების ცხედრები თავმოყრილია ალ-შიფას საავადმყოფოს წინა ეზოში, ღაზაში, ცენტრალური ღაზას სექტორი, სამშაბათი, 2023 წლის 17 ოქტომბერი AP/Abed Khaled).
შიშობენ, რომ ასობით პალესტინელი დაიღუპა ღაზაში მდებარე საავადმყოფოში ძლიერი აფეთქების შედეგად. „ჰამასის“ დაჯგუფება მომხდარს ისრაელის საჰაერო თავდასხმას უკავშირებს, ისრაელი კი აცხადებს, რომ აფეთქება სხვა დაჯგუფების, პალესტინის ისლამური ჯიჰადის მიერ არასწორად გასროლილმა რაკეტებმა გამოიწვია. ორივე მხარე უარყოფს ბრალდებებს.
ღაზაში მდებარე პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ „ალ აჰლის საავადმყოფოში“ ვითარება შეაფასა, როგორც „უპრეცედენტო და ენით აღუწერელი“.
„ექიმები ასრულებენ ოპერაციებს დერეფნებსა და იატაკზე და ზოგიერთ შემთხვევაში, ანესთეზიის გარეშე. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ელოდება ოპერაციას, სამედიცინო ჯგუფები კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ“, – დაწერა სამინისტროს პრესსპიკერმა, დოქტორმა აშრაფ ალ-ყუდრამ Facebook-ზე.
მისი თქმით, დაღუპულთაგან ბევრი ბავშვი და ქალია, ბევრ ადამიანს კი ისეთი დაზიანებები აქვს მიღებული, რომ მათი მკურნალობა „სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებს აღემატება“.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელსა და ღაზას „დაუყოვნებლივ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.
პეკინში ფორუმზე გამოსვლისას, სადაც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდნენ, მან სიტყვის დასასრულს თქვა, რომ უნდა შეეხოს იმას, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება.
„მოვუწოდებ სასწრაფო ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა შევამციროთ ადამიანური ტანჯვა, რომლის მოწმეებიც ვართ”, – თქვა მან. „ძალიან ბევრი სიცოცხლე და მთელი რეგიონის ბედი დგას სასწორზე“.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ისრაელს ოთხშაბათს ეწვევა, მაგრამ იორდანიაში არაბ ლიდერებთან დაგეგმილი სამიტი გადაიდო.
ღაზას სექტორის საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, სადაც ასობით დაჭრილი მკურნალობდა, რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.
სამშაბათს, ღამით პალესტინელები დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, ისროდნენ ქვებს და სკანდირებდნენ პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წინააღმდეგ. უსაფრთხოების ძალებმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ყუმბარები გამოიყენეს.
საავადმყოფოს აფეთქებით განრისხებული მომიტინგეები ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აშშ-ის საელჩოს წინ შეიკრიბნენ, სადაც მათ დიდი კოცონი დაანთეს. კიდევ ერთი ჯგუფი შეიკრიბა საფრანგეთის საელჩოსთან და, გავრცელებული ინფორმაციით, შენობას ქვებს ესროდნენ. ლიბანის „ჰეზბოლას“ შეიარაღებული დაჯგუფება მუსლიმებსა და არაბებს მოუწოდებს „დაუყოვნებლივ გამოვიდნენ ქუჩებსა და მოედნებზე, რათა გამოხატონ ძლიერი აღშფოთება“.
ასობით ადამიანი ასევე შეიკრიბა ტრიპოლისა და ლიბიის სხვა ქალაქებში, რომლებსაც პალესტინის დროშები ეჭირათ და ღაზის მოსახლეობის მხარდასაჭერად სკანდირებდნენ.
საპროტესტო აქციები გაიმართა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანში, ირანის დედაქალაქში, ასევე, ისრაელის საელჩოებთან თურქეთსა და იორდანიაში.