Saturday, March 29, 2025
13.8 C
Tbilisi

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ვაშინგტონის განცხადებიდან მალევე, კრემლმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, სანამ სანქციები არ მოიხსნება

GUARDIANGE – საუდის არაბეთში სამდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთი და უკრაინა აშშ-სთან ცალკე შეთანხმებით, შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ყველა მხარე განაგრძობს მუშაობას „მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის“ მისაღწევად, ნათქვამია განცხადებებში, რომლებიც აანონსებენ შეთანხმებებს, რაც ხელახლა გახსნის მნიშვნელოვან სავაჭრო გზას.

თეთრი სახლის განცხადებით, მათ ასევე აიღეს ვალდებულება, რომ „განავითარონ ზომები“ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ ადრე შეთანხმებული აკრძალვის განსახორციელებლად. მაგრამ რუსეთმა თქვა, რომ საზღვაო სივრცეში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი საკვებისა და სასუქების ვაჭრობის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები მოიხსნება.

აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით, საუდის არაბეთს დედაქალაქში ერ-რიადში  ცალკე შეხვედრებს მართავენ. რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს პირისპირ ჯერჯერობით არ შეხვედრიან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

„ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ეს იმუშავებს, მაგრამ ეს იყო სწორი შეხვედრები, სწორი გადაწყვეტილებები, სწორი ნაბიჯები“, – განაცხადა მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ამის შემდეგ ვერავინ ვერ დაადანაშაულებს უკრაინას, რომ არ დგამს ნაბიჯებს მდგრადი მშვიდობისკენ“, – დასძინა მან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანამდე იგი სამშვიდობო შეთანხმების ბლოკირებაში დაადანაშაულა.

მაგრამ ვაშინგტონის განცხადებიდან მალევე, კრემლმა თქვა, რომ შავი ზღვის ცეცხლის შეწყვეტა ძალაში არ შევა, სანამ სანქციები არ მოიხსნება რუსული ბანკების, მწარმოებლებისა და ექსპორტიორების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან საკვებისა და სასუქების საერთაშორისო ვაჭრობაში.

რუსეთის მიერ მოთხოვნილი საკითხების კრემლის სასარგებლოდ გადაჭრა მოიცავს რუსული ბანკების გადახდის SwiftPay სისტემასთან დაკავშირებას, შეზღუდვების მოხსნას სურსათის ვაჭრობაში ჩართული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების მომსახურებაზე და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სხვა საქონლის მიწოდებაზე, რომელიც საჭიროა სურსათის წარმოებისთვის.

თეთრი სახლის განცხადებიდან გაურკვეველი ა, თუ როდის უნდა შევიდეს შეთანხმება ძალაში.

როდესაც ტრამპს რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე ჰკითხეს, მან ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ახლა ყველაფერ ამაზე ვფიქრობთ. ჩვენ ამას განვიხილავთ“.

ვაშინგტონის განცხადებაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ ნამდვილად ნათქვამია, რომ აშშ „დაეხმარება რუსეთს აღადგინოს წვდომა მსოფლიო ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო და სასუქების ექსპორტის მიმართულებით“.

კიევში საუბრისას, ზელენსკიმ ამას „პოზიციების შესუსტება“ უწოდა.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და აშშ-ის მხრიდან უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვს, თუ მოსკოვი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები