თურქეთისა და სომხეთის წარმომადგენლები ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით შეხვედრას მართავენ. ამის შესახებ სომხური და თურქული მედიები წერენ.
შეხვედრა სომხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ანი ბადალიანი აცხადებს, რომ თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი, რომელიც პასუხისმგებელია სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, თავის კოლეგას, რუბენ რუბინიანს შეხვდა.
მანამდე რუბინიანმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი უნდა განიხილონ. მიმდინარე მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება საზღვრის გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის საზღვრის გახსნაზე.
კილიჩმა კი შეხვედრამდე განაცხადა, რომ სომხეთმა საზღვრების გახსნის სურვილი გამოთქვა, თუმცა პროგრესის მიღწევამდე ტექნიკური საკითხები იქნება მოსაგვარებელი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და თურქეთს, 30 წელზე მეტია, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვთ, ასევე ჩაკეტილი აქვთ საზღვრები. ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარი კი მხარეებმა 2020 წელს, ე.წ. 44-დღიანი ომის, ანუ მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დაიწყეს.

