საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის, ჯამში, 18 მოქალაქე.
„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

