მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც სასათბურე პირობები აქვს შექმნილი ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩანს, ასე აქვს აწყობილი ბიზნესი და ასე იშოვა ფული, საკუთარი ბინის გაქირავების საკითხსაც კი ვერ აწესრიგებს ნორმალურად, სამართლებრივად თუ ფინანსურად, ვხედავთ, რომ გადასახადებს მალავდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ თუ ნებისმიერ დონეზე დადასტურდა მამუკა ხაზარაძის თაღლითობა.
„დადასტურდა, რომ „ლელო“ არის თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია, რომლის მიზანი იყო, ბიუჯეტიდან მიეთვისებინა თანხები. მისმა წევრებმა და მხარდამჭერებმაც უნდა იფიქრონ, რომ არიან თაღლითოობის მონაწილეები. რაც შეეხება ხელშეკრულებას გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის, იმ მომენტში, როდესაც ელჩი ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან 2022 წლის შემოდგომაზე, მამუკა ხაზარაძე იყო უკვე მსჯავრდებული თაღლითობაზე და უკვე ჰქონდა პარლამენტის მანდატი დახეული. ყველანაირი განსაზღვრებით, ამ ადამიანთან ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა ელჩს, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. მე პირადად გერმანიის მთავრობის პროგრამაში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, ჩვენ თავდაპირველად შეზღუდული გვქონდა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ხელშეკრულების დადება, შემდეგ კი საერთოდ აკრძალული გვქონდა ხელშეკრულების დადება, ვინაიდან ამ დროს არსებობს კორუფციული რისკები. ეს ან განზრახ გააკეთა ელჩმა, იცოდა რა, რომ არასანდო ადამიანთან დებდა ხელშეკრულებას, ან იმდენად დაუდევარია, რომ თავისი დაუდევრობით გერმანიის სახელმწიფო გახვია გადასახადების დამალვის სკანდალში. გარდა ამისა, დღეს გაირკვა, რომ ქონების დეკლარაციაში, რომელიც ხაზარაძემ იანვარში შეავსო, მას არ აქვს მითითებული შემოსავალი ამ გაქირავებული ქონებისგან, არ აქვს მითითებული არც ხელშეკრულება. ესეც აჩვენებს კიდევ ერთ ტყუილს, რომელიც ჩაიდინა. ასე რომ, ახლა გერმანიის ელჩისა და გერმანიის სახელმწიფოს მიმართ კითხვა არის მარტივი, რას აპირებს ახლა, აპირებს, რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისოდ აღიარებულ თაღლითთან და ექსტრემისტ პოლიტიკოსთან? შემდეგ აპირებს, რომ ქართველ ხალხს რაიმე მორალური პედესტალიდან გვესაუბროს?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
მამუკა ხაზარაძემ კი, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია.

