ცხელი დღეების აუზზე გატარება უკვე ტრადიციად იქცა თბილისურ ზაფხულში. სწორედ ამიტომ, გასართობი სივრცეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ახლახან მათ შეემატა Gatsby Tskneti Pool — პირველი ღია აუზი წყნეთში, რომელიც ზაფხულის სიმხურვალეს სიმწვანეში შეფუთული სიგრილით პასუხობს.
Gatsby Tskneti Pool უნიკალური კონცეფციის სივრცეა, რომელიც აერთიანებს აუზს, სუფთა ჰაერს, ღია ბარს და სიმშვიდეს — ყველაფერს, რაც განტვირთვას განსაკუთრებულად აქცევს. ეს იდეა მისი დამფუძნებლის, თეო ხიზანიშვილის ცხოვრებაში წყნეთში გადმოსვლის შემდეგ დაიბადა:
„აქაური გარემო ბუნებრივად გიჩენს სურვილს, ზაფხული აქ გაატარო. ერთადერთი, რაც ამ ჰარმონიას აკლდა, აუზი იყო — ამიტომ გადავწყვიტე, ის თავად შემექმნა და დამსვენებლებისთვის აუზისა და კლიმატის უნიკალური კომბინაცია შემეთავაზებინა.“
15 ივლისს Gatsby Tskneti Pool-მა პირველი სტუმრები დიდი გეტსბის სტილში მოწყობილ წვეულებაზე მიიღო. ღონისძიება Dragonfly Events-ის ორგანიზებით გაიმართა.
„ეს იყო საინტერესო გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის. გეტსბის თემატიკით შთაგონებული წვეულება დიდი სიფაქიზით დავგეგმეთ — გვინდოდა, სტუმრებს მართლაც ეგრძნოთ, რომ გრანდიოზულ გეტსბის წვეულებას ესწრებოდნენ,“ — ამბობს ქეთი ნონიაშვილი, Dragonfly Events-ის თანადამფუძნებელი.
წვეულებას მუსიკალურად გახსნეს მარიტა როხვაძემ და საქსოფონისტმა მარიამ კიკვაძემ, შემდეგ კი DJ გიგი კეშელავამ გააგრძელა საღამო. სტუმრებს ელოდათ თანამედროვე ქართული მხატვრების — ხათუნა სონღულაშვილის, ქეთი კავილაძის და მარინა მოსაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.
Gatsby Tskneti Pool სტუმრებს ყოველდღიურად, 10:00-დან 19:00 საათამდე მასპინძლობს მისამართზე: რუსთაველის 86ა, წყნეთი.
ეს ადგილი არა მხოლოდ გაგრილებისთვის, არამედ ქალაქის ხმაურიდან გასაქცევად და შთამბეჭდავი ვიზუალური გამოცდილებისთვისაც იდეალურია.

