„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ და კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას „ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის“ თანამშრომლობის პაქტი უწოდა.
„მოკლედ მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც, როგორც ჩანს, შედგა გიორგი გახარიას და „ლელოს“ შორის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის.
დღეს გაფორმდა ეს პაქტი, სამწუხაროდ, და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მესმის, რომ, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არც ერთმა პატრიოტმა მოქალაქემ მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

