საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს.
საქართველოდან გააძევეს: აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს – ჯამში 41 მოქალაქე.
შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 280-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება.
ინფორმაციას და ვიდეომასალას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

