შალვა ნათელაშვილი სირიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და სთხოვს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასადის რეჟიმის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან წაღებას

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სირიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და სთხოვს, საქართველოს განუყოფელი ნაწილის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასადის რეჟიმის მიერ  დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან წაღებას და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

„სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას აჰმედ ალ‑შარაას

ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას სირიელი ხალხისა და პირადად თქვენი აღმატებულებისადმი. ძვირფასო პრეზიდენტო, ქართველი და სირიელი ხალხის ურთიერთობათა ისტორია სათავეს იღებს ძველი ეგვიპტის, შემდგომ ანტიკური პერიოდის, რომის და ბიზანტიური ეპოქებიდან. ამ ფონზე ჩვენი ხალხის დიდი გულისტკივილი გამოიწვია თქვენი წინამორბედი, მოსკოვის სატელიტი ასადის რეჟიმის მიერ თავის დროზე საქართველოს განუყოფელი ნაწილის, ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთა აღიარებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასევ დიდად საწყენია, რომ თქვენ დღეს მიიღეთ ე.წ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თვითგამოცხადებული საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ ველოდებით, რომ სირიის ახალი ხელისუფლება თქვენი ხელმძღვანელობით უკან წაიღებს ამ ყოვლად უსამართლო გადაწყვეტილებას და აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოსთან, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის უდიდესი საფუძველი გახდება. ჩვენს მხრივ მზად ვარ ხელი შეგიწყოთ, რათა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, თქვენს ქვეყანას დროულად მოუხსნას საერთაშორისო სანქციები, ასევე თქვენი სურვილის შემთხვევაში შემიძლია ჩამოვიდე დამასკოში, რათა პირადად გაგაცნოთ დეტალური ინფორმაცია ამ პრობლემის ისტორიულ,პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ასპექტებზე. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ დიდ პატივისცემას“, – წერია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის წერილში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები