აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩი და ევროპის საბჭოში ახალი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე – თამარ ტალიაშვილის, ხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციაზე დასანიშნად ხატია წილოსანის კანდიდატურები წარუდგინა.
თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში.
იგი 2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. იგი ასევე მუშაობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ხოლო 2018-2020 წლებში იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.
თამარ ტალიაშვილი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იგი ასევე მუშაობდა თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე, აგრეთვე იყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ხატია წილოსანი იქნება. ხატია წილოსანი 2019-2020 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
იგი ასევე მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე. 2020-2024 წლებში ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მას ასევე აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.