ვულოცავ თამარ ტალიაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნას, მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იძლევა ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო თამარ ტალიაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დანიშვნა. გახსოვთ, ის პარლამენტიდან ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა. მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა. მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია. კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც რამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ აშშ-სთან გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა. მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.