თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობს. როგორც მინისტრი აცხადებს, დღეს ძალიან კარგი და ლამაზი სანახაობა იქნება:
“მინდა ყველას მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე და მინდა გისურვოთ წარმატებული და გაძლიერებული საქართველო, გამთლიანებული და ერთიანი ჩვენი სამშობლო, რომელიც ყველას ერთად შეუქმნის განვითარების უკეთეს შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, ამ განვითარებაში, თანაზიარნი იქნებიან ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. დღეს გვაქვს ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი, ამის გარდა, რამდენიმე ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას დღევანდელ ღონისძიებაში, აქ იქნებიან სამხედროები და ქვედანაყოფები, რომლებიც შედიან თავდაცვის ძალებში. ასევე, მთელი დღის განმავლობაში, თბილისის მოქალაქეებს, სტუმრებს და ასევე საქართველოში სხვა 21 ლოკაციაზე ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ დაათვალიერონ ის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც აქვს თავდაცვის ძალებს შეიარაღებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაზრდილია საჰაერო კომპონენტი და ძალიან კარგი, ლამაზი სანახაობა იქნება. დღეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღეა რეკრუტებისთვის 700-მდე რეკრუტი დადებს ფიცს და დარწმუნებული ვარ, ეს საზეიმო განწყობა მთლიანად გავრცელდება მთელს ქვეყანაში,”- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.