რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის ოპრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკება ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს.
„ახლახან დავასრულე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ორსაათიანი საუბარი. მჯერა, რომ საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ომის დასრულების შესახებ. ამის პირობებზე მოლაპარაკება ორ მხარეს შორის უნდა წარიმართოს, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკების ისეთი დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
მისივე თქმით, პუტინთან საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო.
„ასე რომ არ ყოფილიყო, ახლავე ვიტყოდი ამას და არა მოგვიანებით. როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება, რუსეთს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მასშტაბური ვაჭრობა და მე ვეთანხმები ამას. რუსეთს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა, შექმნას ბევრი სამუშაო ადგილი და სიმდიდრე. მისი პოტენციალი შეუზღუდავია. ასევე, უკრაინა შეიძლება, გახდეს ვაჭრობის დიდი ბენეფიციარი ქვეყნის აღდგენის პროცესში. რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება. მე უკვე ვაცნობე ეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს და ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს პუტინთან საუბრის შემდეგ განხორციელებული ჩემი ზარის დროს. ვატიკანმა განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით. დაე, დაიწყოს პროცესი!“ – წერს დონალდ ტრამპი.