Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

„მთელი სასკოლო საზოგადოება გაოგნებულია“ – სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილი განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართავს

სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „ძალიან დიდია უსამართლობის განცდა და ძალიან მზარდია უკმაყოფილების ფონი“.

მათი უკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, „მხოლოდ ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ ასარჩევად მხოლოდ ზოგიერთი დირექტორობის კანდიდატი“, რაც არა არჩევა, არამედ „დანიშვნა“ იქნება.

წერილის ავტორები კიდევ უფრო საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ სკოლებთან მიმართებაში არსებულ მდგომარეობას, სადაც დირექტორობის უფლების მქონე საერთოდ არც ერთი კანდიდატი არ წარდგენილა და „თანამდებობა უვადოდ შეუნარჩუნდათ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელ პირებს, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც ამის დოკუმენტური უფლება არ აქვს“.

„მთელი სასკოლო საზოგადოება გაოგნებულია, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მხოლოდ ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ ასარჩევად მხოლოდ ზოგიერთი დირექტორობის კანდიდატი! თქვენ სამართალმცოდნე ბრძანდებით და მოდი ვაღიაროთ: ეს არ იქნებ არჩევა, ეს იქნება დანიშვნა. სამინისტრომ სკოლების უდიდეს უმრავლესობაში მხოლოდ თითო კანდიდატი უნდა წარადგინოს, რაც გამორიცხავს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

არსებობს კონტრპასუხი: შეუძლიათ საერთოდ არ აირჩიონ თუნდაც ის ერთი. მაგრამ, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არაა: დღევანდელი შინაგანი თვითცენზურული კომპლექსის სიტუაციაში სამინისტროს მხრიდან თითო კანდიდატის წარდგენა მიანიშნებს სამეურვეო საბჭოებისთვის ირიბ მითითებას, რომ აირჩიონ სწორედ ეს პირები, რადგან არ არჩევა აღიქმება სამინისტროს ნების წინააღმდეგ წასვლად. ამომრჩეველი ფიქრობს: სამინისტროს რომ ეს კანდიდატი არ სურდეს, არც „გამოგვიგზავნიდა“. კიდევ ერთი მომენტია: რომც დაეშვას პრეცედენტი (და ზოგიერთ სკოლაში ალბათ, ასეც იქნება) რომ სამეურვეო საბჭოებმა შეძლონ შიშის ძლევა და არ აირჩიონ სამინისტროს წარდგენილი კანდიდატები, მაშინ იყენებთ დისკრეციულ უფლებას და ვინც გნებავთ, მაინც დანიშნავთ.

ნათელია, რომ დისკრიმინაციულად დაირღვა დირექტორობის უფლების მქონე იმ პირთა უფლება, რომელთა ასარჩევად წარდგენის ვალდებულება ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ არსად არ წარადგინეს. კიდევ უფრო საგანგაშო სიტუაციაა იმ სკოლებთან მიმართებაში, სადაც დირექტორობის უფლების მქონე საერთოდ არც ერთი კანდიდატი არ წარდგენილა და თანამდებობა უვადოდ შეუნარჩუნდათ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელ პირებს, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც ამის დოკუმენტური უფლება არ აქვს.

„დაბლოკილ“-ებიდან, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს მიიღო დირექტორობის სერტიფიკატი, ერთი მხრივ, დირექტორობის უფლება მოგვანიჭა სახელმწიფომ და მეორე მხრივ გზა გადაგვიკეტა უფლების გამოყენებაში – ვიყოთ არჩეულნი. განა ეს არ გააჩენდა უსამართლობის განცდას? განა ლოგიკური არაა შეკითხვა: რა დავაშავეთ?

ამავდროულად, საერთოდ „უკანდიდატო“ სკოლებსაც წაერთვათ არჩევანის გაკეთების თავისუფლება და შესაძლებლობა. დირექტორობის უფლების მქონე პირთა ისედაც მცირე კონტინგენტის გამო, გასაგებია ყველგან ვერ იქნება კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა, მაგრამ ეს უფრო აძლიერებს ულოგიკობის ფაქტებს: დირექტორობის უფლების მქონე პირთა რაოდენობა არასაკმარისია და ამ არასაკმარისობის ფონზე, მათი დიდი ნაწილი მაინც წარდგენის მიღმა დარჩა და თან სკოლათა დიდ ნაწილში ხელმძღვანელებად დარჩნენ ამ უფლების არმქონენი! რა კანონზმოიერებას ესადაგება ის გარემოება, რომ სადაც 3 ზე მეტი კანდიდატი „დებდა ფსონს“, იქ წარედგინება მხოლოდ ერთი კანდიდატი, ან საერთოდ არც ერთი?!

ან რა გამართლება აქვს წარმატებული სკოლის იმ წარმატებული ხელმძღვანელების „დაბლოკვას“, რომლებიც მხოლოდ ერთი ვადით იყვნენ არჩეულები და კანონით უფლება ჰქონდათ, მეორე ვადითაც არჩეულიყვნენ და გამოირჩევიან სასკოლო საზოგადოების ნდობით და მხარდაჭერით?! ზოგიერთ სკოლაში კი პირიქით: თანამშრომლები მოქმედ დირექტორებს ამხელენ დარღვევებში და იქ მაინც მას მფარველობს ზოგიერთი „ზემდგომი“?

კიდევ ერთი დეტალი: საიდან იცოდა ზოგიერთმა წარდგენილმა კანდიდატმა, ჯერ კიდევ თვეების წინ, რომ უეჭველად გახდებოდნენ დირექტორები და რომ ადგილობრივი მმართველობების დონეზე მათ ლობირებდნენ?

უფრო მეტიც, ისედაც გეცოდინებათ და რა აზრი აქვს დამალვას: სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც, რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არც ერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი პარტიის წევრობა;

რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან „პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები“ და ა.შ.

არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო. ჩვენ დავამატებთ: პედაგოგი და სკოლის ლიდერი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წევრი, ის ყველას „მსახურია“. ამიტომ ვერ გამოვირჩევით ვერც ერთი, მითუმეტეს ოპოზიციურ პარტიისადმი სიმპათიით. თუმცა ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ რომელიმე მათგანმა „პოლიტიკური გემოვნების“ მიუხედავად, გუნდურობის პრინციპის ღალატი გაბედოს და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა აქტივობებში ჩაერთოს. აღმოჩნდა, რომ სამინისტროს ზოგიერთი მუშაკისთვის თქვენ განაცხადს მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ამ უკმაყოფილებისა და მზარდი დაძაბულობის პირობებში უდავოდ ყურადსაღებია ერთი გარემოება: „დაწუნებულთა კასტაში“, ანუ დირექტორებში არის ასეთი განცდა და ამ ეტაპზე ჩვენც ამ პოზიციაზე ვართ, და გვაქვს დიდი იმედი, რომ რაც მოხდა, აქედან ბევრი რამ თქვენი გვერდის ავლით მოხდა; რომ მავანნი შეირჩა „მფარველი“ ზემდგომების დახმარებით და ეს ინფორმაცია თქვენამდე არ მოდის. ეს განცდა არის ერთგვარი ნათელი წერტილი, რომ დაინტერესდებით, ფაქტობრივად ხელოვნურად შექმნილი პრობლემის მოგვარებით. ხელოვნურად შექმნილია, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა დაგჭირვებოდათ სამინისტროს იმიჯის შემლახავი ნაბიჯის გადადგმა. სწორედ ამიტომ, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ორშაბათს, 9 ოქტომბერს, 14:30 სთზე ვაპირებთ თქვენთან შეხვედრას მეგობრული, კონსტრუქციული, პატივისმცემლური დიალოგის ფარგლებში. დირექტორობის კონკურსში ჩვენი ჩართვის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ იმედი გაჩნდა დიალოგის და კომუნიკაციის შესაძლებლობის, განსხვავებული აზრის მოსმენის და გათვალისწინების. როგორც ხედავთ, არანაირი მტრული პათოსი არ გვამოძრავებს და უსამართლობის მსხვერპლის პოზიციიდან ვითხოვთ უმცირესს. ვიტოვებთ იმედს: ეს შეხვედრა შედგება და ეს მძიმე პრობლემაც მოგვარდება. არც კი გვინდა ვიფიქროთ, რომ იმედი გადაგვეწურება და დაძაბულობის მუხტი მოიმატებს“, – ნათქვამია სერტიფიცირებული დირექტორების საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: დავით ფერაძე, ქეთი ცირეკიძე, მარი ქვრივიშვილი, თამილა ხარაბაძე, თამთა კვენეტაძე, ნათია იასაღაშვილი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები